Accentnews.ge
იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე "ვეტინგის" მოწინააღმდეგე ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა

იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე "ვეტინგის" მოწინააღმდეგე ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა

12/09/2024 10:53:48 სამართალი

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე "ვეტინგის" მოწინააღმდეგე ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა.

"ვფიქრობ, რომ "ვეტინგი" უფრო სხვა მიზნებს ისახავს და ეს კეთილსინდისიერების შემოწმება იმ პრაქტიკიდან გამომდინარე, სადაც ჩატარდა, არ არის. ეს სულ სხვა მიზანს ისახავს და კეთილსინდისიერების შემოწმებით არის გამართლებული. ვინ უნდა შემამოწმოს, როცა სახელმწიფომ, რომელიც პასუხისმგებელია სასამართლო სისტემის გამართულ მუშაობაზე, ეს მექანიზმი შექმნა? ჩვენ გვაქვს ანტიკორუფციული ბიურო", – განაცხადა კომიტეტის სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატმა.

მარსაგიშვილი პარლამენტს დასამტკიცებლად უახლოეს პლენარულ სხდომაზე წარედგინება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ნიკოლოზ მარსაგიშვილს მოსამართლედ მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი 2020 წლიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია.

ცნობისთვის: „ვეტინგი” მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებაა.

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოყვანილია 9 ნაბიჯი, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რათა ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. 9–დან ერთ-ერთი პირობა სასამართლო რეფორმის დასრულებას ეხება.

ამასთან, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციის თანახმად, საქართველომ უნდა შეიტანოს ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რათა ის ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს სრულად შეესაბამებოდეს.

"კერძოდ, შექმნას კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, კანდიდატებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც ამჟამად დანიშნულნი არიან მაღალ თანამდებობაზე სასამართლო სისტემაში, კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაეს სასამართლოში და სხვა სასამართლოებში. გარდა ამისა, საზედამხედველო და საკონსულტაციო ფუნქციების განსახორციელებლად ჩამოაყალიბოს ქონებრივი დეკლარაციების მუდმივი და პერიოდული სისტემა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით", – ნათქვამია დოკუმენტში.

„ქართული ოცნება“ უარს აცხადებს, დანერგოს ე.წ. ვეტინგის სისტემა, რომელიც სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხელახლა შეფასებას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე: "სასამართლოს გუშაგი" აქვეყნებს იმ პირთა სიას, რომლებიც მისი აზრით, კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმებას ექვემდებარებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S