ანთაძე – ერგნეთის შეხვედრის დასრულების შემდეგ: ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი ხვალ გათავისუფლდება

12-09-2024 18:31:01 კონფლიქტები

ოკუპანტების მიერ გასულ წელს უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი ხვალ გათავისუფლდება, - ამის შესახებ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში რიგით 121-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

„ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე შედგა ხანგრძლივი და თემატური დისკუსია. მთავარი შედეგი არის , რომ ხვალ უკანონო პატიმრობაში მყოფი ლაშა ხეთერელი გადმოვა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. გრძელდება კონსულტაციები, რომ უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე ჩვენი თანამოქალაქე დაბრუნდეს თავიანთ ოჯახებში", – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.

რაც შეეხება უკანონო "ბორდერიზაციას", ანთაძის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობამ წაიღო დროის დიდი ნაწილი:

"ბორდერიზაცია" არის უმძიმესი ინციდენტი, შესაბამისად, ის 8 ახალი ფაქტი განხილულ იქნა დეტალებში და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით დაფიქსირდა პრინციპული პოზიცია მსგავსი ქმედებების დაუშვებლობის შესახებ".

მისივე თქმით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის საკითხიც დააყენა:

"თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის საკითხი არის ცენტრალური ხელისუფლების დღის წესრიგის უცვლელი შემადგენელი ამ შეხვედრებზე. არსებული ე.წ ათდღიანი პერიოდი არის არასაკმარისი, რათა საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს ყველა ის სერვისი, რის გამოც ისინი გადმოდიან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ეს პერიოდი უნდა გაგრძელდეს როგორც მინიმუმ მთელი თვის განმავლობაში და პერსპექტივაში აუცილებელია, ამ მიდგომის გაგრძელება საოკუპაციო ხაზის მთელ ტერიტორიაზე და არა მხოლოდ ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით.

შემდეგი შეხვედრა 12 ნოემბერს გაიმართება.

ცნობისთვის: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე ლაშა ხეთერელი უკანონოდ 2023 წლის 5 ივლისს დააკავეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები