
ცხინვალი: "ქართული სადაზვერვო დრონების შემოღწევის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იკლო"
13/09/2024 13:53:35 კონფლიქტები
"ქართული დრონების მიერ სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცის დარღვევებმა მნიშვნელოვნად იკლო" - განაცხადა დღეს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვადიმ სიუკაევმა.
მისივე თქმით, "ჯერ კიდევ ერთი წლის წინ სადაზვერვო დრონების შეღწევის შემთხვევათა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა ამჟამინდელს".
"ახლა დრონების შემოღწევის მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არსენალში არსებული უპილოტოების რაოდენობა გაზრდილია მას შემდეგ, რაც ქვეყანამ თავად დაიწყო მათი წარმოება. შემთხვევების მნიშვნელოვანი კლება შედეგია ჩვენი უწყებისა და მე-4 რუსული სამხედრო ბაზის ერთობლივი ძალისხმევის" - განაცხადა სიუკაევმა.
ცნობისთვის: ოსურმა მხარემ უპილოტოების თემა ერგნეთის ამასწინანდელ შეხვედრაზეც წამოჭრა, თუმცა როგორც ოსური დელეგაციის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა ჟურნალისტებს განუცხადა, დრონების ქართული კუთვნილება მხოლოდ "ირიბად დასტურდება" - იმით, რომ "სოცქსელის ქართული სეგმენტი გადაჭრელებულია სამხრეთ ოსეთის თავზე გადაღებული ფოტოებით".