
ლაშა ხეთერელი და უჩა ჯოხაძე თავისუფლები არიან
13/09/2024 16:41:00 კონფლიქტები
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები - ლაშა ხეთერელი და უჩა ჯოხაძე თავისუფლები არიან.
სუს-ის ცნობით, ამჟამად ორივე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
ლაშა ხეთერელი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 2023 წლის 3 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარედ დააკავეს უკანონოდ, ხოლო უჩა ჯოხაძე - მიმდინარე წლის 10 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მიმდებარედ.
როგორც სუს-ი მიუთითებს, ლაშა ხეთერელის და უჩა ჯოხაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების "ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი".
სუსი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობას საოკუპაციო ძალას აკისრებს.
"ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად” - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.