15-09-2024 16:51:48 საზოგადოება
რუსეთ – საქართველოს ომში, გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურებიან, რომლის თანახმად, „ენმ-ის მიერ ოსების ცეცხლში გახვევის გამო, ბოდიში უნდა მოვიხადოთ“.
„ანუ რა გამოვიდა? ჩემი მეუღლე ტყუილად შეეწირა ქვეყნის თავისუფლებას? აგრესორი ქვეყანა ვართ? და აგრესორების ომში იბრძოდა? რა ვუთხრა მის სულს? რით იამაყონ ჩვენმა შვილებმა?
რომ ჩამოდგებით ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლები და პოზირებთ ემზარ წილოსანის საფლავთან ვინ იყო ემზარი? შეგიძლიათ მიპასუხოთ? ვის მოუხადონ ბოდიში ჩემმა შვილებმა? რუსებს? ოსებს? თუ ვის მითხარით ხელისუფლებავ!!!
ან გორელებო, თქვენ ხომ ყველაზე კარგად იცით ვინ დაიწყო ომი? რატომ გაუტარეთ ასეთი მოღალატეობრივი მიმართვა ივანიშვილს? თან დაგვცინა, სპეციალურად გორისთვის შემონახული მიმართვააო… ვის მოვუხადოთ ბოდიში შინდისის ბრძოლის გმირების ოჯახებმა? აგვიხსენით!“ – წერს შინდისის ბრძოლაში დაღუპული ერთ-ერთი გმირის ემზარ წილოსანის ცოლი, თეო წილოსანი.
„2008 წლის 9 აგვისტო… „ოსი ძმების“ ჩექმა გიორგის ზურგზე. ბოდიში, გიორგი“ – პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე.
„ბოდიში შმაგი, ბოდიში დღევანდელი საქართველოსათვის… ალბათ არ ღირდა… გული მტკივა შენი დაუფასებელი თავგანწირვის გამო…“ – წერს სოციალურ ქსელში, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი შმაგი სოფრომაძის მეუღლე, თეა ტაბატაძე.
გუშინ, 14 სექტემბერს გორში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართულმა ოცნებამ” მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა. შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა ოკუპირებული ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამ საკითხს წინა გამოსვლებშიც არაერთხელ შეეხო „თუმცა, მთავარი სათქმელი სწორედ დღევანდელი დღისთვის შემოინახა.".
"26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები. და რადგან ჩვენი, ქართველებისა და ოსების ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი სწორედ შენდობაა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მტრების მიერ ჩვენი ხალხებისათვის თავსმოხვეული ძმათამკვლელი დაპირისპირება სწორედ რომ ისტორიული ურთიერთპატიებით და გულწრფელი შერიგებით დასრულდება" - განაცხადა ივანიშვილმა.