
უკრაინა: რუსების მიერ გაშვებული 56 დრონიდან 53 ჩამოვაგდეთ
16/09/2024 06:25:27 მსოფლიო
რუსულმა ძალებმა უკრაინას წუხელ Shahed-131/136 ტიპის 56 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 53 მათგანი გაანადგურეს, სამი დრონი კი ლოკაციურად დაიკარგა, - იტყობინება უკრაინის საჰაერო ძალები.
მათივე ინფორმაციით, დრონები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქიდან და ქალაქ იეისკიდან გაუშვეს და თავდასხმის ძირითადი მიმართულება ამჯერად, კიევი იყო. მანამდე კიევის ადმინისტრაცია იტყობინებოდა უკრაინის დედაქალაქის გარშემო 20-მდე დრონის ჩამოგდების შესახებ.
„საზენიტო ბრძოლის შედეგად, მტრის 53 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს კიევის, ჩერკასის, ვინიცას, პოლტავას, სუმის, ზაპოროჟიეს, კიროვოგრადის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკისა და ჩერკასის ოლქებში“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.