გამყრელიძე – ყაზბეგიდან ინფექციურში გადაყვანილ ორ პაციენტს „ა“ ტიპის ვირუსი დაუდგინდა
30/01/2020 14:35:53 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქე ორ მცირეწლოვანს, რომლებიც ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ, გრიპის „ა“ ტიპის ვირუსი დაუდგინდა.
„როგორც საავადმყოფოდან გვაქვს ინფორმაცია, ჩატარდა სწრაფი ლაბორატორიული გამოკვლევა, ე.წ. სწრაფი ტესტი და ამ ბავშვებთან დადგინდა "ა" ტიპის გრიპის ვირუსი. ამიტომ არავითარ კორონავირუსზე იქ საუბარი არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, აღებულია ნიმუშები მოლეკულური კვლევისთვის, რომელიც მიმდინარეობს ლუგარის ცენტრში და მას სჭირდება რამდენიმე საათი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ერთ–ერთ ქალბატონს – საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დღის მეორე ნახევარში ტრანზიტული გზით დაბრუნდა ჩინეთიდან, აეროპორტში აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა და ახლა ის გადაჰყავთ ინფექციურში, სადაც ჩაუტარდება კვლევა.
ამასთან, ის საზოგადოებას მოუწოდებს, ნუ მიეცემა პანიკას, ვინაიდან „განსაკუთრებული საქართველოში არაფერი ხდება“.
მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსი ქვეყანაში არ ფიქსირდება, ხოლო თუ დაფიქსირდა, ქვეყანა ამასთან საბრძოლველად მზად არის.
„საავადმყოფოები ამისთვის მზადყოფნაში არიან, ყველანაირი მედიკამენტური საშუალება არსებობს, რომ ამ ტიპის ადამიანებს სამედიცინო დახმარება გაეწიოთ, ეპიდემიოლოგიური და პრევენციური სამსახური მზად არის, მიმდინარეობს მუდმივ რეჟიმში მონიტორინგი საზღვრების ქვეყანაში, რომ თავიდან ავიცილოთ ინფექციის იმპორტი და თუ ასეთი დაფიქსირდა, შესაბამისი ღონისძიებები დაუყოვნებლივ გატარდება, ამისთვის მზადყოფნა აქვთ ჯანდაცვის სამსახურს, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურს და მობილიზებულია ქვეყანში ყველა სექტორი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ყაზბეგიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადმოყვანილი ჩინეთის 9 მოქალაქიდან ორ ბავშვს აღენიშნება ტემპერატურის მომატება და ისინი მოთავსდებიან ბოქსირებულ განყოფილებაში.
რაც შეეხება გამყრელიძის მიერ ნახსენებ ქალბატონს, არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ უხანი 19 იანვარს დატოვა, საიდანაც ტაილანდში გაემგზავრა. თბილისში კი, დღეს დუბაიდან ჩამოვიდა. შემოწმებისას მას აეროპორტში მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდა.


