სოხუმში ჟურნალისტს და აქტივისტს თავს დაესხნენ
16/09/2024 07:49:59 კონფლიქტები
სოხუმის გარეუბანში 15 სექტემბრის საღამოს თავს დაესხნენ ჟურნალისტს, ტელეგრამ-არხ „Абхазский портал"-ის ადმინისტრატორ დავით გობეჩიასა და მოძრაობა „ХарахПицунда"-ს ("ჩვენი ბიჭვინთა") წარმომადგენელ ლია აგრბას.
ნიღბიანმა თავდამსხმელებმა გამოიყენეს გაზის ბალონი, რის შემდეგაც გობეჩია ცემეს და ამის ამსახველი ვიდეოც გადაიღეს, ლია აგრბას კი სავარაუდოდ, დანაშაულის დაკვეთილობის შესანიღბად და ძარცვად წარმოსაჩენად ჩანთა გასტაცეს.
გობეჩია ამბობს, რომ 15 სექტემბრის თავდასხმამდე მას უთვალთვალებდნენ.
„მტრები არ მყავს, არაფრისთვის დამესხმებოდნენ თავს. ჩემი ვარაუდით, ეს ხელისუფლების ნამოქმედარია. რამდენიც არ უნდა ეცადონ, ჩვენ შევაჩერებთ ჩვენი ქვეყნის გაყიდვას - ამის საშუალებას არ მივცემთ", - თქვა გობეჩიამ.
მომხდარს აფხაზური ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადენლები გამოეხმაურნენ.
"დავით გობეჩიას და ლია აგრბას წინააღმდეგ ჩადენილი თავხედური დანაშაული არის აშკარა მცდელობა, ნებისმიერ ფასად ხელი შეუშალონ სამართლიანობისთვის, დემოკრატიისთვის, აფხაზეთის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის ბრძოლას",- ნათქვამია „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმის“, „აფსნის“, „აფხაზთა სახალხო მოძრაობის“, „არუაასა“ და „ჩვენი დედაქალაქის“ ერთობლივ განცხადებაში.
ხელმომწერებმა მოითხოვეს დროული გამოვლენა დამნაშავეებისა, რომლებიც, მათი ვარაუდით, დე-ფაქტო ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ.
„აფხაზთა სახალხო მოძრაობის“ ლიდერ ადგურ არძინბას განცხადებით, ბლოგერებზე ნიღბიანთა თავდასხმა "სიმხდალის უმაღლესი დონეა“.
ჟურნალისტმა, გაზეთ „Чегемская правда-ს" რედაქტორმა ინალ ხაშიგმა მომხდარს "პოლიტიკური ტერორის აქტი" უწოდა.
საინფორმაციო სააგენტო “აიაშარას“ ხელმძღვანელმა ნიზფა არშბამ კი თქვა, რომ არ იცის, ვისი ორგანიზებულია თავდასხმა, მაგრამ „მათ მიზანს ვერ მიაღწიეს“.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.