დენიელ ფრიდი: "კონგრესის არასერიოზულად აღქმა ყველაზე ნაკლებად საქართველოს აწყობს"
31/01/2020 06:57:49 პოლიტიკა
ამერიკელი დიპლომატი დენიელ ფრიდი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში სანქციების მიმართულებას კურირებდა, აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კონგრესის წარმომადგენლების პოზიცია სერიოზულად უნდა აღიქვას.
„კონგრესის წევრების შეშფოთების უარყოფა, ან ქედმაღლურად იმის თქმა, რომ ისინი უცოდინრობით მოქმედებენ, ვითარებას არ გამოასწორებს. კონგრესის თანამშრომლები ძალზედ გამოცდილი ხალხია. თუ საქართველოს მთავრობას არ მოსწონს კონგრესის შეხედულებები, მათ უნდა ჰქონდეთ სერიოზული საუბარი ამ საკითხზე, რათა საქართველოს სამგანზომილებიანი სურათი დაანახონ. ინდივიდუალური შეხედულებების მოცემულობად მიღება არასწორია და რომელი ქვეყნის ოპოზიციასაც არ უნდა ელაპარაკებოდე, მოვლენებზე საკუთარი აზრი უნდა გქონდეს“, - უთხრა „ამერიკის ხმას“ დენიელ ფრიდმა.
ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ შეშფოთების უბრალოდ უარყოფაზე მეტი უნდა გააკეთოს, რადგან შეერთებული შტატების კონგრესი საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და კონგრესის არასერიოზულად აღქმა ყველაზე ნაკლებად საქართველოს აწყობს. „მე კონგრესის ყველა შეშფოთებას არ ვიზიარებ და ვამბობ, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს საკუთარი არგუმენტი“, - ამბობს დენიელ ფრიდი.
საქართველოს მთავრობამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიიღო ამერიკელი კონგრესმენების და სენატორების არაერთი კრიტიკული წერილი ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ.


