Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 9-11 სექტემბერი

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 9-11 სექტემბერი

17/09/2024 11:18:39 კონფლიქტები

„არასამთავრობო ორგანიზაციები აფხაზეთში ახალგაზრდების კულტურული კოდის შეცვლას ცდილობენ“, - მარგარიტა სიმონიანი.

აღნიშნული განცხადება რუსული პროპაგანდისტული ტელეარხი „RT”-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა აფხაზეთისთვის რუსული დახმარების შეწყვეტასთან დაკავშირებული დისკუსიების ფონზე გააკეთა. კერძოდ, მისი თქმით, „დასავლეთის მიერ მართული არასამთავრობო სექტორი აფხაზეთის ახალგაზრდობის კულტურული კოდის შეცვლას ცდილობს, უბიძგებს რა, რუსეთს ზურგი აქციოს და აშშ-ისკენ შეტრიალდეს“.

„აფხაზეთში არის ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამერიკული ფულით ფინანსდება. ზოგიერთს, მაგალითად, USAID-ს თავის ვებ-გვერდზე, დოკუმენტებში მიზნად უწერია აფხაზეთის რეინტეგრაცია საქართველოში და კრემლის მავნე გავლენების შეჩერება. კრემლის მავნე გავლენა, როგორც ჩანს, ექიმებისთვის, მასწავლებლებისთვის, პენსიონერებისთვის გადახდილ ფულში და ჩადებულ ინვესტიციებში გამოიხატება“, - განაცხადა სიმონიანმა.

რუსი პროპაგანდისტის მტკიცებით, აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია მაქსიმალურად ცდილობს, არსებულ ვითარებას შეეწინააღმდეგოს, მაგრამ მას ყველაფრის გაკეთება არ შეუძლია.

ამ ვითარებაში ყველაზე ცუდ ფაქტად სიმონიანი იმას აფასებს, რომ აფხაზური არასამთავრობო სექტორის თანამშრომლების უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა და ამ დროს მუშაობს იმისთვის, "ახალგაზრდებს რუსეთისთვის ზურგი აქცევინონ და ამერიკისკენ შეატრიალონ“.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი სხვა რუსმა პროპაგანდისტმა, ვლიდიმირ სოლოვიოვმაც გააკეთა. იგი გამოვიდა ინიციატივით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რუსული კანონების მიღების მოწინააღმდეგე „ურჩი“ აფხაზი დეპუტატების მსგავსად, ჯერ რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ, შემდეგ კი ისინი დააპატიმრონ. „ციხეში გაშვება უკეთესი გარანტია იქნება, რადგან მოქალაქეობის ჩამორთმევა მათ არ წაართმევს შესაძლებლობას, აფხაზეთში დარჩნენ და საქმიანობა გააგრძელონ, რაც ციხიდან გაუჭირდებათ“, - დასძინა მან.

აღსანიშნავია, რომ სიმონიანის და სოლოვიოვის განცხადებებს აფხაზურ საზოგადოებაში დიდი კრიტიკა მოყვა. „რატომ არის მარგო სიმონიანი შეშფოთებული აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობით, წუწუნებს ახალგაზრდების კულტურული კოდის შეცვლაზე, მაგრამ სიტყვა არ უთქვამს იმის შესახებ, რომ ზამთარში პატარა რესპუბლიკას ენერგეტიკულ კრიზისს მოუწყობენ?! უბრალოდ რუსეთისთვის თემები ამოწურულია. იქ უკვე არ არსებობს პარტიები (ამ სიტყვის კლასიკური გაგებით), არასამთავრობო ორგანიზაციები, სიტყვის თავისუფლება, არჩევანის გაკეთების თავისუფლება. იქ უკვე დიდი ხანია ყველა დაშინებულია“, - წერს ადგილობრივი ტელეგრამ-არხი „აფხაზეთის ცენტრი“.

კონსტანტინ ზატულინი "აფხაზურ ოპოზიციასთან" შეხვედრას დათანხმდა

რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ის საკითხებში, ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინ ზატულინმა ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეთავაზებას შეხვედრის თაობაზე დათანხმდა.

„აფხაზეთის რიგმა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, რომლებმაც უკმაყოფილება გამოთქვეს პარლამენტის ცალკეული დეპუტატების პასუხისმგებლობის თაობაზე, მათ შორის პატიოსნებითა და კეთილსინდისიერებით სახელგანთქმულ კან კვარჩიასთან დაკავშირებით ჩემი განცხადების გამო, მიმიწვიეს ოპოზიციის წარმომადგენლებთან შესახვედრად ნებისმიერ ჩემთვის ხელსაყრელ დროს. სამწუხაროდ, მომავალ კვირას სახელმწიფო დუმის სხდომების დაწყება არ მაძლევს შესაძლებლობას ეს მოწვევა დაუყოვნებლივ მივიღო. თუმცა, სახელმწიფო დუმის ხელმძღვანელობის თანხმობით, თვის ბოლოს, 27-დან 30 სექტემბრამდე ვაპირებ, ტრადიციულად, აფხაზეთში ჩავიდე. თუ თქვენი სურვილი ვითარების განხილვასთან დაკავშირებით ძალაში რჩება, შეხვედრა გაიმართება“, - განაცხადა ზატულინმა.

მანამდე, რუსეთის დახმარების შეწყვეტაზე საუბრისას, ზატულინმა განაცხადა, რომ აფხაზეთის „პარლამენტში“ არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების დაზიანებას ცდილობენ, და ამ კონტექსტში დაასახელა კან კვარჩია, რომელსაც, მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას. თავის მხრივ, აფხაზური ოპოზიცია მას განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა, რომ მსგავსი შეფასებები აფხაზი „დეპუტატისა“ და ომის ვეტერანის მისამართით მიუღებელია, და დაგროვილი საკითხების განსახილველად პირისპირ შეხვედრა შესთავაზა.

ინალ არძინბა სოხუმში დაბრუნდა

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა სოხუმში დაბრუნდა, ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამის არხი „აფხაზური პორტალი“ იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ინალ არძინბამ მოსკოვში დასაქმება ვერ შეძლო, ხოლო მისმა პროექტმა ბელარუსის სივრცეების დაპყრობასთან დაკავშირებით, ისევე როგორც სამსახიობო როლი რუსეთის პირველ არხზე ჩაფლავდა“ („თანამდებობიდან“ გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე არძინბამ რუსულ არხზე საკუთარი საავტორო გადაცემის წამყვანი გახდა). ამაზე წყაროს თანახმად, არძინბა აქტიურად თანამშრომლობს დე ფაქტო ასლან ბჟანიასთან, “პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის” თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით. მეტიც, გამოცემა „ნუჟნაია გაზეტა“ წერს, რომ ინალ არძინბასა და ასლან ბჟანიას შეხვედრა 10 სექტემბერს სასტუმრო „გუდოუ პლაზაში“ შედგა.

ინალ არძინბას გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება ასლან ბჟანიამ 2024 წლის 7 მაისს მიიღო. გადაწყვეტილების მიზეზი უცნობი იყო, რამაც ბევრი სპეკულაცია გამოიწვია. თავად ინალ არძინბა აცხადებდა, რომ „თანამდებობა“ საკუთარი სურვილით დატოვა რუსეთში სხვა სამსახურებრივი შეთავაზებების გათვალისწინებით.

აფხაზურ ოპოზიციაში განხეთქილება შეინიშნება

აფხაზურ ოპოზიციაში განხეთქილების მიზეზი გახდა „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერის ადგურ არძინბას განცხადება, რომელიც აპარტამენტების საკითხს ეხებოდა. კერძოდ, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ აპარტამენტების გაყიდვის იდეას არასდროს ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მიიჩნევს, რომ მსგავსი ინვესტიციების განხორციელებისთვის აფხაზეთი დღეს მზად არ არის და ამ საკითხის გადაწყვეტა დამატებით მუშაობასა და საშინაო რეფორმების გატარებას საჭიროებს. პასუხად, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა, მათ შორის ლევან მიქაამ და კან კვარჩიამ, გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნეს, რომ ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან უძრავი ქონების გასხვისების ნებისმიერ ფორმას.

„ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვის ნებისმიერ ფორმას, იქნება ეს ბინები, სახლები თუ აპარტამენტები“, - ნათქვამია განცხადებაში.

მეტიც, სოციალურ ქსელში გავრცელდა ოპოზიციონერი „დეპუტატის“, კან კვარჩიას ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც იგი ადგურ არძიბნას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს. თავად კვარჩია ჩანაწერის ნამდვილობას უარყოფს და აცხადებს, რომ ის ხელოვნური ინტელექტის საშუალებითაა შექმნილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S