მოსკოვმა "ოცნების" სასარგებლოდ წინასაარჩევნო აგიტირებას მიჰყო ხელი

18-09-2024 11:55:06 კონფლიქტები ,პოლიტიკა

აფხაზებისა და ოსების წინაშე "ბოდიშის მოხდისა" და "დანაშაულის აღიარების" შესახებ ბიძინა ივანიშვილის 14 სექტემბრის რეზონანსულ განცხადებებს მოსკოვი "დიდი ინტერესით" ხვდება, "ქართულ ოცნებას" "პოლიტიკურ სიმწიფეს" უწონებს და საქართველოს მოსახლეობას 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მმართველი გუნდისთვის მიცემისკენ მოუწოდებს.

შესაბამისი განცხადებები რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა გააკეთა.

"სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობაში ახალი ატმოსფეროს ჩამოყალიბების შესახებ ბიძინა ივანიშვილისა და სხვა ქართველი პოლიტიკოსების განცხადებების მოულოდნელმა ტონალობამ კავკასიასა და მთელს მსოფლიოშიც დიდი ინტერესი გამოიწვია. საამისოდ მიზეზი ბევრია. მწიფდება იმის აღქმა, რომ მტრობამ და კონფრონტაციამ, რომელიც სააკაშვილის 2008 წლის ავანტიურის შემდეგ ჩამოყალიბდა, ადგილი უნდა დაუთმოს გონიერებასა და სტაბილურობას. გასული 16 წლის განმავლობაში საქართველო პოლიტიკურად გაიზარდა. ბევრისთვის ნათელი გახდა მუდმივი დაპირისპირების უპერსპექტივობა" - განაცხადა კარასინმა.

საყურადღებოა, რომ მას მინიშნების დონეზეც კი არაფერი უთქვამს რუსეთის მზადყოფნაზე, საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ან ერთი, ან მეორე, ან ორივე რეგიონი დაუბრუნოს, სადაც ამჟამად მოსკოვი აქტიურად ახორციელებს ანექსიას.

რაც შეეხება აღშფოთებას, რომელიც ივანიშვილისა და შემდეგ მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლების ამ განცხადებებს საქართველოში მოჰყვა, კარასინი, თავად "ოცნების" წევრთა მსგავსად, ამას 26 ოქტომბრის არჩევნებს უკავშირებს და ცდილობს, დასავლეთიდან მართული "ფოკუს-ჯგუფების სკანდალურ ემოციებად" წარმოაჩინოს ქვეყანასა და რეგიონში ვითარების ასარევად.

"წინასაარჩევნო ატმოსფეროში ამ განცხადებებმა, ბუნებრივია, გამოიწვია იმ ფოკუს-ჯგუფების სკანდალური ემოციების აფეთქება, რომლებსაც არ აწყობთ საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მშვიდი განვითარება, წინასაარჩევნო გამწვავება ხელს აძლევს ასევე იმ ძალებს მსოფლიოში, რომლებიც საქართველოსა და რეგიონში დესტაბილიზაციაში საკუთარ ინტერესს ხედავენ" - ირწმუნება რუსი პოლიტიკოსი და იქვე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მოქალაქეები 26 ოქტომბერს "პასუხისმგებლიან არჩევანს გააკეთებენ".

"ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია. და მათ ძალზე საპასუხისმგებლო არჩევანი აქვთ გასაკეთებელი" - დასძენს კარასინი.

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის სკანდალურ ინიციატივებს სოხუმი და ცხინვალი ეჭვით შეხვდნენ, აღნიშნეს, რომ სიტყვების აღარ სჯერათ და შერიგების გზაზე დასადგომად თბილისისგან მათი "დამოუკიდებლობის" აღიარება, ასევე ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება მოითხოვეს. მეტიც, ცხინვალის შემთხვევაში ერთ-ერთ პირობად "ტერიტორიების დაბრუნებაცაა" წაყენებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები