
მედია: უკრაინა ტოროპეცში მდებარე რუსული რაკეტების საწყობზე დარტყმის ფაქტს ადასტურებს
18/09/2024 10:43:29 მსოფლიო
უკრაინა ტოროპეცში რუსული რაკეტების საწყობზე დარტყმის ფაქტს ადასტურებს.
"რუსეთის ტვერის ოლქის ქალაქ ტოროპეცში საბრძოლო მასალების საწყობზე დრონებით დღევანდელი შეტევა უკრაინის თავდაცვის ძალებმა განახორციელეს", – ეს BBC-ს და „უკრაინსკა პრავდას” დაუდასტურა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, რომლის ვინაობას მედიასაშუალებები არ ასახელებენ.
წყაროს თანახმად, ტოროპეცში წარმატებით შეუტიეს და გაანადგურეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს დიდი საწყობი, სადაც ინახებოდა ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსების, „ისკანდერის” და ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების, “ტოჩკა უ-ს" რაკეტები, საავიაციო ბომბები და არტილერიის საბრძოლო მასალები.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, დრონებით შეტევის შემდეგ დაიწყო უძლიერესი დეტონაცია და ხანძარმა მოიცვა, სულ მცირე, ექვსი კილომეტრის სიგანის ტერიტორია.
წყაროს თანახმად, ეს იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ერთობლივი ოპერაცია.