18-09-2024 15:31:35 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი აცხადებს, რომ "საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები არ ეხმარება საქართველოს ან ქართველ ხალხს".
"საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები, დეზინფორმაცია აშშ-ისა და დასავლეთის შესახებ და ისეთი განცხადებები, როგორიც პრემიერ–მინისტრმა გუშინ გააკეთა - არც ერთი არ ეხმარება საქართველოს, ან ქართველ ხალხს. ქმედებები და განცხადებები, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო იზოლირებას ახდენს დასავლეთისგან, ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან, ქართველი ხალხის ინტერესებში არ არის. ქართველი ხალხის დიდმა უმრავლესობამ თქვა, რომ მათი მომავალი ევროპასთან და დასავლეთთან ერთადაა და ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს იზოლირებას ახდენს, ამ მიზანს არ ემსახურება. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ მსოფლიოში არ არსებობს აშშ-ზე ძლიერი მხარდამჭერი ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და გავაგრძელებთ დახმარებას, საქართველო გახდეს უფრო ძლიერი, ეკონომიკურად უფრო აყვავებული ქვეყანა, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი, და განცხადებები, რომელიც საქართველოს შეერთებული შტატებისგან იზოლირებას ცდილობს, არავისთვისაა სასარგებლო", – განაცხადა ელჩმა.
ცნობისთვის: 16 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა სანქციები დაუწესა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, „ალტ-ინფოს“ ლიდერებს – კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ "საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ დამატებით ზომებს იღებენ".
17 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქის სანქცირება „არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო“ და „ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება, იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა“.
მისივე თქმით, არ სჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო:
„მე მგონია, რომ გადაწყვეტილება მიიღეს გარკვეულმა ძალებმა, რომლებსაც აქვთ არაფორმალური გავლენები მის ადმინისტრაციაზე, ანუ ბაიდენის მიღებული არ იქნება ეს გადაწყვეტილება. მე ასე მგონია, საზოგადოებაც დარწმუნებულია ამაში“.
მოგვიანებით, იმავე დღეს ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე „აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს“.