ირაკლი კობახიძე: "საარჩევნო სისტემას სახელმწიფო განსაზღვრავს"
31/01/2020 11:33:42 პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოგვიწოდებს, რომ გავაგრძელოთ კონსულტაციები და მივაღწიოთ შეთანხმებას საარჩევნო სისტემის საკითხზე, - განუცხადა ჟურნალისტებს სტრასბურგში ვიზიტად მყოფმა საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
„პირდაპირი ტექსტით ეწერა პროექტში, რომ უნდა შეთანხმებულიყვნენ პოლიტიკური პარტიები 2020 წელს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. სიტყვა „პროპორციული“ იქნა ამოღებული, გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება. მოგვიწოდებენ, რომ გავაგრძელოთ ჩვენ კონსულტაციები და მივაღწიოთ შეთანხმებას საარჩევნო სისტემის საკითხზე. იმედი გვაქვს, რომ კონსულტაციების საფუძველზე შევთანხმდებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ(PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელიც ეფუძნება ევროპის საბჭოს წევრ ათ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში 2019 წელს განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს.
რეზოლუციის ერთ-ერთ პუნქტში ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს, რომ საქართველოში ვერ მოხერხდა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მმართველ უმრავლესობას მოუწოდებს, 2020 წლის არჩევნებამდე უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელსაც ექნება ყველა დაინტერესებული მხარის ნდობა და მხარდაჭერა.


