
პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს წარუდგინა "შეთანხმება" რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის "სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების" შესახებ
19/09/2024 07:18:22 კონფლიქტები
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს რატიფიკაციისთვის წარუდგინა "შეთანხმება" რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის "სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების" შესახებ. შესაბამისი "დოკუმენტი" 19 სექტემბერს განთავსდა რუსეთის ფედერაციის პარლამენტის პალატის საკანონმდებლო საქმიანობის მონაცემთა ბაზაში.
„რატიფიცირდეს რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის 2023 წლის 23 აგვისტოს ქალაქ ცხინვალში ხელმოწერილი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ შეთანხმება“, - ნათქვამია ბრძანებაში.
ბრძანების დანართის თანახმად, „ამ შეთანხმების განხორციელება ხელს შეუწყობს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით“.
იმავდროულად, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „ამ შეთანხმების წყალობით, რუსეთი გახდა სამხრეთ ოსეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და მთლიანად რეგიონში დაძაბულობის ესკალაციის პრევენციის გარანტი“.
ცნობისთვის: ოკუპირებულ ცხინვალსა და მოსკოვს შორის 2023 წლის 23 აგვისტოს გაფორმებული ხსენებული შეთანხმების მიხედვით, მხარეები იღებენ ვალდებულებას, წინასწარი წერილობითი შეთანხმების გარეშე არ მიჰყიდონ ან გადასცენ მესამე მხარეებს, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებს, უცხოურ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა, ასევე მათი წარმოების ტექნიკური დოკუმენტაცია. იგივე ეხება მონაცემებს, რომელიც მიღებულ იქნება ერთობლივი კონტრაქტების რეალიზებისა და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისას.