
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 16-18 სექტემბერი
20/09/2024 06:12:53 კონფლიქტები
აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას უპასუხა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საპასუხო განცხადებით გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას გორში და ოსების წინაშე ბოდიშის მოხდის მზადყოფნას. კერძოდ, დე ფაქტო უწყება აღნიშნავს, რომ მსგავსი განცხადება შესაძლოა მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს და ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდეს.
„სამინისტროს“ შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება აჩვენებს, რომ „საქართველოში შიდა გადაფასებისა და შეცდომების აღიარების რესურსი ჯერ კიდევ არსებობს“.
„შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 1956 წელს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა აგვისტოს პლენუმზე, ი. სტალინისა და ლ. ბერიას მმართველობის დროს აფხაზეთის მიმართ საქართველოს ხელმძღვანელობის ქმედება დაგმო. 1978 წლის 27 ივნისს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის XI პლენუმზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა: „პირდაპირ უნდა ითქვას, რომ წარსულში, ჩვენთვის ცნობილ პერიოდში, აფხაზი ხალხის მიმართ ტარდებოდა პოლიტიკა, რომელსაც პრაქტიკულად შოვინისტური უნდა ეწოდოს“. სამწუხაროდ, ამან ხელი არ შეუშალა ბატონ შევარდნაძეს, რომ 1992 წელს აფხაზეთში ომი დაეწყო“, - ნათქვამია განცხადებაში.
ე.წ. საგარეო უწყება იმედს გამოთქვამს, რომ „ივანიშვილი თავის ზრახვებში გულწრფელი იქნება და აფხაზ ხალხთან მიმართებაში სწორ სიტყვებს იპოვის, რომლებიც ქმედებებთან წინააღმდეგობაში არ მოვა“.
დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გავრცელდა განცხადება, თითქოს ასლან ბჟანიამ თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ერდოღანს „მეგობრობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმების“ ხელმოწერის წინადადებით მიმართა და განაცხადა, რომ თურქეთის სახით აფხაზეთი შეიძენს „თავდაცვის სფეროში ერთადერთ და საიმედო მოკავშირეს“, ხოლო რუსულ ბაზებს თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზებით ჩაანაცვლებს.
მოგვიანებით, დე ფაქტო ადმინისტრაციამ განმარტა, რომ გამოქვეყნებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და ჰაკერული შეტევის შედეგია. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს „პრეზიდენტის“ საიტზე უკრაინელმა ჰაკერებმა შეაღწიეს.
რუსეთ-უკრაინის ომში 47 აფხაზი დაიღუპა
აღნიშნულის შესახებ დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ლევ კვიცინიამ განაცხადა. „დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს ჩვენი 47 ბიჭი დაიღუპა. დაღუპულთა გადმოსვენების ვალდებულება საკუთარ თავზე ავიღეთ და ვცდილობთ, სწრაფი რეაგირება მოვახდინოთ. ამ პერიოდში 27 დაღუპულის ცხედარი უკვე გადმოსვენებულია“, - აღნიშნა მან.
კვიცინიას თქმით, 2022 წელს აფხაზეთმა დონბასს 200 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი - სასმელი წყალი, საკვები, ხილი, ციტრუსები გაუგზავნა. 2023 წელს დახმარების მოცულობამ 80 ტონა, ხოლო მიმდინარე წელს 10 ტონაზე მეტი შეადგინა. მისივე განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების მორიგი პარტია ახლო მომავალში გაიგზავნება.
აფხაზური საზოგადოება ასლან ბჟანიას ინიციატივებს ეწინააღმდეგება
აფხაზური საზოგადოების რიგებში დე ფაქტო ხელისუფლების ზეწოლაზე წინააღმდეგობა იზრდება. გავრცელებული ინფორმაციით, გუდაუთის მაცხოვრებლებმა, მათ შორის მასწავლებლებმა, კულტურისა და სამედიცინო სფეროს მუშაკებმა, უარი თქვეს დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას პოლიტიკის მხარდამჭერი განცხადების ხელმოწერაზე.
ადგილობრივ ტელეგრამ-არხებში გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მხარდამჭერი დოკუმენტის ინიციირება მოახდინა და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ყველა რეგიონში გაიგზავნა განცხადების ტექსტი, რომელიც მოუწოდებს პარლამენტს, შეასრულოს „რუსეთის წინაშე აღებული ვალდებულებები“ და შესაბამისი „კანონები“ დაამტკიცოს. აღნიშნულმა ინიციატივამ საზოგადოებაში ფართო გამოხმაურება და კრიტიკა გამოიწვია.
გუდაუთის გარდა, სხვადასხვა სოფლებშიც მოსახლეობამ გადაწყვიტა, ხელმოუწერელი განცხადების ფორმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაებრუნებინა.