
კოკოითი თბილისს ცხინვალთან ერთად რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში გაერთიანებას სთავაზობს
20/09/2024 14:14:31 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილი დე-ფაქტო ლიდერი ედუარდ კოკოითი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ინიციატივას თბილისის მიერ ცხინვალისთვის "ბოდიშის მოხდისა" და "დანაშაულის აღიარების" შესახებ რიგით მეორე განცხადებით ეხმიანება და ამჯერად ასახელებს იმ ფასს, რომლის გადახდაც საქართველოს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ "ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერ წუთს შესაძლო აღდგენაში" მოუწევს: იგი თბილისს ცხინვალთან ერთად რუსეთ-ბელარუსის ე.წ საკავშირო სახელმწიფოში გაერთიანებას სთავაზობს.
"პირადად მე ვთავაზობ თბილისს შექმნილი ვითარების გადაჭრის მშვიდობიან კომპრომისულ ვარიანტს: როგორც საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელი და თანასწორუფლებიანი სუბიექტები, როგორც ქრიტიანული რესპუბლიკები, შევიდეთ რუსეთისა და ბელარუსის რესპუბლიკის საკავშირო სახელმწიფოს შემადგენლობაში" - წერს კოკოითი.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს იდეა, რომელსაც კოკოითი პირადად მის ინიციატივად ასაღებს, რეალურად, არახალია და წარსულში უკვე გაჟღერებული აქვთ როგორც მოსკოვის, ისე მინსკის ხელისუფლებების პირველ პირებს. კერძოდ, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერმა, ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის პირველმა მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ჯერ კიდევ ორიოდ წლის წინ დაწერა, რომ "საქართველომ სოხუმი და ცხინვალი მხოლოდ ერთ შემთხვევაში - რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შეიძლება, დაიბრუნოს". ხოლო ბელარუსის ავტორიტარ ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოს მინსკში აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მასპინძლობისას მოწოდებული აქვს სოხუმის, ცხინვალისა და თბილისისთვის, "ყველანი ერთად რუსეთის ირგვლივ რაღაცნაირად შევიკრათ და შევკოწიწდეთ ერთიანი ისტორიული ტრადიციების, სარწმუნოების, ფასეულობების გათვალისწინებითა და დასაცავად".
მარტივად რომ ვთქვათ, ამ იდეის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველომ ვითომდა "ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის" სანაცვლოდ საკუთარი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი დათმოს და პუტინის იმ ახალი იმპერიის - გნებავთ, "რუსსკი მირის" ან იგივე "სსრკ-2"-ის ნაწილად იქცეს, რომლის ჩამოყალიბება კრემლს ჯერ კიდევ 2014 წელს, ყირიმის ანექსიამდე შემუშავებული გეგმის მიხედვით აქვს დაანონსებული და რომლის რეალიზების რეალური განზრახვითაც შეიჭრა 2022 წელს უკვე სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიით უკრაინაში.
კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კოკოითის მიერ კრემლის დაკვეთით გაჟღერებული ამ იდეის რეალიზების შემთხვევაში რუსეთი არა მარტო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, არამედ უკვე მთელს საქართველოს დაისაკუთრებს, ამჯერად - უბრძოლველად.
"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარისა და საარჩევნო სიის პირველი ნომრის - ბიძინა ივანიშვილის 14 სექტემბრის რეზონანსულ ინიციატივებზე პირველ - ორი დღის წინანდელ გამოხმაურებასთან შედარებით, რომელშიც კოკოითი ქართული მხარისაგან "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას, მასთან ძალის არგამოყენების შესახებ ორმხრივი შეთანხმების გაფორმებას, ასევე თრუსოს, გუდასა და სხვა ხეობების დაბრუნებას" მოითხოვდა, ამჯერად ყოფილმა დე-ფაქტო ლიდერმა ტონი შეარბილა და განაცხადა:
"ომსა და შუღლზე საუბრები უნდა შეწყდეს. უნდა დავიწყოთ საუბარი კონფლიქტის მოგვარების ურთიერთმისაღებ, კომპრომისულ ვარიანტებზე. ჩემი ვარიანტი უკვე გავაჟღერე. ის ფაქტი, რომ საქართველოში არსებობენ ძალები, რომლებმაც გააცნობიერეს შეცდომები და მზად არიან, წარსულზე პასუხისმგებლობა აღიარონ, ცალსახად დამაიმედებელია, - თუ, რა თქმა უნდა, ეს წინასააჩევნო თამაში არაა. პერსპექტივაში, მსგავს ძალებთან შესაძლებელია მრავალსაუკუნოვანი კონფლიქტის გადაჭრის სამართლიანი, ყველა მხარისთვის მისაღები გზების გამონახვა".