Accentnews.ge
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

20/09/2024 18:09:06 სამართალი

37 წლის ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

როგორც დაცვის მხარემ სხდომაზე განაცხადა, გადაწყვეტილებას მოსამართლეს მიანდობენ, რასაც ბრალდებულიც დაეთანხმა.

წინასასამართლო სხდომა 2024 წლის 7 ნოემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.

პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, კესარია აბრამიძეს და ბრალდებულს პირად საკითხზე უთანხმოება მოუვიდათ და აღნიშნულის გამო ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა 18 სექტემბერს, საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა, რის შემდეგაც აბრამიძესთან შეხვედრა განიზრახა. ბრალდებულის განმარტებით, კესარია აბრამიძე შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დაითანხმა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული დაახლოებით, 19:10 საათზე, კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლთან მივიდა, იქვე მდებარე მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელი შეიძინა და სახლში ავიდა. ჯაიანმა შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მის მეგობარ ქალს ჯერ ხელი დაარტყა, ხოლო შემდეგ დანით სხეულის სხვადასხვა ადგილებში 28 ჭრილობა მიაყენა. აღნიშნულიდან დაახლოებით 20 წუთში, ბრალდებულმა კესარია აბრამიძის საცხოვრებელი ბინა კიბეებით დატოვა და იქვე, ნათესავის ბინაში მივიდა, მხოლოდ სისხლიანი მაისური გამოიცვალა, ჯერ ტაქსით მივიდა მეტრომდე, შემდეგ მეტროთი იმგზავრა და კვლავ ტაქსის მეშვეობით თბილისი დატოვა. ის სენაკისკენ მიმავალი, კოპიტნარის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

ბექა ჯაიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S