ბენ ჰოჯესი:„ვწუხვარ, რომ საქართველოს მთავრობა სათანადოდ არ უჭერს მხარს ანაკლიის პროექტს და კრემლს უხრის თავს“

31-01-2020 19:19:16 კომენტარი

საქართველო კარგავს შანსს, შეცვალოს ეკონომიკური და უსაფრთხოების დინამიკა მთელი შავი ზღვის რეგიონში - ამის შესახებ „აქცენტს“ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული სარდლობის ყოფილმა მეთაურმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გარშემო განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.

„ვწუხვარ, რომ საქართველოს მთავრობა სათანადოდ არ უჭერს მხარს ამ პროექტს და ნაცვლად ამისა, კრემლის მხრიდან ზეწოლას თავს უხრის“ - აცხადებს ჰოჯესი.

მისი ანალიზის მიხედვით, საქართველომ პროექტის შეწყვეტით სამი რამ დაკარგა:

  • შანსი, მნიშვნელოვად განევითარებინა ქვეყნის ეკონომიკა;
  • ·შანსი, გაეუმჯობესებინა საკუთარი უსაფრთხოება; საქართველო გახდებოდა ევრაზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი საპორტო ადგილი, ეს ანაკლიას შეეძლო. ამის შემდეგ ბევრი ევროპული ქვეყანა ჩადებდა ინვესტიციას ანაკლიაში და შესაბამისად, ეს იქნებოდა საქართველოს უსაფრთხოებაში ჩადებული რეალური ინვესტიცია. სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგება რუსეთი ამ პროექტს.
  • საქართველო კარგავს შანსს, შეცვალოს ეკონომიკური და უსაფრთხოების დინამიკა მთელი შავი ზღვის რეგიონში.

"ის, რომ საქართველომ ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვას, რა თქმა უნდა, კრემლის ერთ–ერთი მიზანია“ - ამბობს ჰოჯესი „აქცენტთან“ საუბრისას და დასძენს, რომ „საქართველოს მთავრობა სერიოზულად რომ მიდგომოდა ამ პორტის მშენებლობის საკითხს, ახლა პორტი მშენებლობის პროცესში იქნებოდა. ამ პროექტის დახურვა გამოიწვია იმან, რომ არ არსებობდა სათანადო პოლიტიკური ნება“.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება გაწყვიტა. მთავრობა მიზეზად ასახელებს კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას. თავად კონსორციუმი კი საარბიტრაჟო დავისთვის ემზადება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები