16-09-2024 18:37:43 კონფლიქტები ,კომენტარი
აღშფოთებული ვარ! ეს ანტისამშვიდობო განცხადებაა!- ეუბნება „აქცენტს“ კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის 14 სექტემბრის განცხადების კომენტირებისას, რომელსაც რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ოჯახების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა, ხოლო კრემლის პროპაგანდისტების მხრიდან - კმაყოფილება, საქართველო „განსაცვიფრებლად ადეკვატურად იქცევაო”.
კერძოდ, ბიძინა ივანიშვილმა გორში მხარდამჭერებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".
კონფლიქტოლოგი აღიარებს, რომ გარდა რუსული ფაქტორისა, ქართველებმა პრობლემები უნდა მოაგვარონ აფხაზებთან და ოსებთან, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ივანიშვილის მიერ გორში გაჟღერებულ სიტყვებს, „საერთო არაფერი აქვს კონფლიქტის მოგვარებასთან“.
„ეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, რომელიც ანგრევს სამშვიდობო პროცესს თავისი წინდაუხედაობით, მავნებლობით, უპასუხისმგებლობით! საქმე ისაა, რომ ეს განცხადება გაკეთებულია „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, რათა შეუქმნან ამომრჩეველს დამატებითი „არგუმენტები“, თუ რატომ არ უნდა მისცენ ხმა ენმ-ს - თურმე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაბომბა ცხინვალი და გასამართლდებიან! რატომ არ ამბობდნენ იგივეს ამავე კონტექსტით და ფორმულირებით ადრე?“,- კითხულობს ზაქარეიშვილი.
ის ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის გამოსვლებში არ ფიგურირებს რუსეთი, როგორც აგრესორი, როგორც ამაზე სტრასბურგის და ჰააგის სასამართლო გადაწყვეტილებებიც მიუთითებენ:
„როდესაც ლაპარაკობ ქართული მხარის პასუხისმგებლობაზეც (როგორც ოსურის), ყველაფერს ვიწყებთ რუსეთიდან - რუსეთმა მოინდომა, უნდოდა ომი და მან მიაღწია ომს. რუსეთი უნდა იყოს პირველი თემა. როდესაც ჩანს რუსეთის აგრესია, შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ, თუ როგორ იმოქმედა ქართულმა მხარემ - როგორ გაუმკლავდა რუსულ აგრესიას. აქ შეიძლება, ვიკამათოთ, მაგრამ არა აგრესორზე! აქ [ივანიშვილის გამოსვლაში] კი საუბარი საერთოდ არაა რუსეთზე, როლები შეცვალა - აგრესორი ქართული მხარეა! ამით გაამართლა რუსეთი! ეს არის საშინელი პრეცედენტი - რუსეთს ვაძლევთ არგუმენტს და აუცილებლად გამოიყენებენ თავიანთ აგრესიულ პოლიტიკაში, მათ შორის, უკრაინაში, „ქართველები თავად ამბობენ „სიმართლეს“, მე, კეთილშობილურმა ძალამ ოსები დავიცავი. გავა დრო, და უკრაინელებიც ასე ილაპარაკებენ და შეეშვით ჩემთვის რაღაცეების დაბრალებასო“.
ამ ნარატივმა მთლიანად გააქრო რუსეთი, როგორც აგრესორი და ის ჩაანაცვლა საქართველოთი და ვიღაც უცხოელებით - ამართლებს ოკუპაციას და აღიარებას [რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების]: თუ საქართველო აგრესორია, სხვა რა დარჩენია „კეთილშობილ“ რუსეთს გარდა იმისა, რომ „დაეცვა“. ეს საშინელებაა!
თან სად ხდება ეს ყველაფერი? გორში, რომელიც დაიბომბა. კეთილი, ცხინვალში ომი იყო და გორი რატომ იწვოდა? ვინ დაბომბა? ქართველებმა? გორელებს რომ ამას ეუბნებიან, ეს ძალიან ამორალურია!“
მისი განმარტებით, ჰიპოთეტურად, კონფლიქტოლოგიაში გამორიცხული არაა, მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ, რომ მორიგების პროცესში, რომელიც წლობით მიმდინარეობს, რაღაც კონკრეტულ ეპიზოდში ბოდიშის მოხდაზე, რათა წინ წაწიონ პროცესი:
„ბოდიშს“ შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური დატვირთვა და არა ესე ჰაერზე. მე ჩემს მეგობრებს არ ვეთანხმებოდი სამოქალაქო სექტორში, როდესაც არსებობდა ბოდიშის მოხდის ხედვები, რომელიც კეთილშობილური იყო. იმ მოძრაობას არ მივუერთდი, რადგან ვთვლი, რომ ეს უნდა იყოს კარგად გათვლილი, ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯი - სტრატეგიული ნაწილი. თუ ერთი მხარე იხდის ბოდიშს, ეს მეორე მხარემ უნდა დაინახოს, თქვას, „მადლობა, ეს მნიშვნელოვანია და ჩვენც რაღაცას ვაკეთებთო“ - ეს უნდა იყოს პროცესის ნაწილი, ხიდის ეფექტი უნდა ჰქონდეს, საზოგადოება შემზადდეს. ამიტომ, ეს კონფლიქტის მოგვარების ნაწლი კი არა, დანგრევისაა!“.
ის იხსენებს „გარეჯი საქართველოა“-ს კამპანიას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წამოიწყო 2020 წლის არჩევნების წინ და სხვამს კითხვას ამან წინ წასიწია პროცესი თუ გააჩერა და გაიყინა?
„ცხადია, გაიყინა, რადგან არასწორად იყო გამოყენებული არასწორ ვითარებაში, ეს კი ათასჯერ უფრო მძიმე ვითარებაა, ვიდრე „გარეჯი საქართველოა“-ს ეპოპეა იყო! ამით ძალიან მნიშვნელოვნად დაზიანდება შესაძლო სამშვიდობო პროცესი, რომელიც ადრე თუ გვიან დადგებოდა ქართველებსა და ოსებს შორის. იქ ოსები რაღაც საკითხებს აუცილებლად დააყენებდნენ, მაგრამ ეს უკვე მოლაპარაკების ნაწილი იქნებოდა და არა ასე, წინასაარჩევნო კამპანიის დროს იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ დამარხვის მცდელობა. უკაცრავად და, 2008 წლამდე რა ხდებოდა? მშვიდობა იყო? მიჰყვნენ და ჩამოთვალონ: შევარდნაძის პერიოდისთვის ბოდიში; გამსახურდიას პერიოდისთვის ბოდიში; ამ გენერლის საქმიანობისთვის ბოდიში... ეს აბსურდია, აბსოლუტურად წინდაუხედავი, მავნებლური და იმედია, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ქცევა, რომელსაც საზოგადოება არ აპატიებთ!“.
აქვე ხაზს უსვამს, ჯერ-ჯერობით ამ განცხადებამ გაიჟღერა არაფორმალური ლიდერისგან, მაგრამ თუ პროცესი ამ ფორმით გაგრძელდა სერიოზული სამართლებრივი პრობლემა დადგება:
„თუ ასე აუცილებელია, მოიხადონ ბოდიში დღესვე (ამას არ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა), პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია და აი, მაშინ უკვე დადგება სამართლებრივი პრობლემა და მომავალში, ახლა ვიღაცის გასამართლებას თუ აპირებენ, შემდეგ უკან შეიძლება შემოუბრუნდეთ ყველაფერი“.
კონფლიქტოლოგი აჯამებს, რომ ვერ ხედავდე აგრესორს და პირად მიზნებს აყენებდე წინა, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა, და ამაში პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადონ არჩევნებზე.