24-09-2024 14:21:30 საზოგადოება
Yandex Go გაასაჩივრებს საქართველოს პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის მიერ დაკისრებულ 4 000-ლარიან ჯარიმას, – ამის შესახებ საქართველოში კომპანიის წარმომადგენლობის „რაიდტექ ჯორჯიას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი, რომელსაც BM.GE ავრცელებს.
აღნიშნული კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ტაქსის სერვისით მომსახურებას "Yandex GO" –სა (მგზავრებისთვის) და "Yandex Pro" -ს (მძღოლებისთვის) აპლიკაციების მეშვეობით.
კომპანიის მტკიცებით, ისინი საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით მუშაობენ და მომხმარებელთა მონაცემები ევროკავშირში მდებარე სერვერებზე ინახება.
„ჩვენ საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით ვმუშაობთ. ჩვენი სერვისების მომხმარებლების უფლებები ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს.
ჩვენ პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს ვიცავთ. მონაცემების შესანახად ვიყენებთ ევროკავშირში მდებარე სანდო სერვერებს – იმ იურისდიქციაში, რომელიც, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიხედვით, Yandex Go-ს მომხმარებლის მონაცემების ადეკვატურ დაცვას უზრუნველყოფს.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა, ჩვენ მას არ ვეთანხმებით და უახლოეს დროში გავასაჩივრებთ. Yandex Go-ს სერვისი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ცნობით, შეისწავლეს შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ მიერ პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოში შესაძლო კანონდარღვევით გადაცემის ფაქტი.
სამსახურმა დაადგინა, რომ შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ მიერ აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემისას (დამუშავებისას) დარღვეულ იქნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
უწყების ცნობით, კომპანია ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით. ამასთან, შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ დაევალა უზრუნველყოს აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების (გლობალური ქსელური მისამართის/„IP Address“) რუსეთის ფედერაციაში გადაცემის შეწყვეტა.
იაფი მგზავრობის რისკები: რაში სჭირდება სპეცსამსახურს რიგითი მოქალაქეების პერსონალური მონაცემები?