ოფიციალური კიევი – "ოცნების" ბანერებზე: "ქართველ ხალხს შეუძლია, არ ეშინოდეს ახალი ომის, ვიდრე უკრაინა რუსულ აგრესიას წინააღმდეგობას უწევს"

26-09-2024 19:55:25 ციტატა

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და დაუშვებლად მიაჩნია პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების, ათასობით უდანაშაულო ხალხის ტანჯვისა და სისხლის, ეკლესიებისა და კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის განადგურების სურათების გამოყენება. ქართველ ხალხს შეუძლია, არ ეშინოდეს ახალი ომის, ვიდრე უკრაინა რუსულ აგრესიას წინააღმდეგობას უწევს. ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი, ასევე, საქართველოში მშვიდობის ფასია. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მმართველ “ქართული ოცნების” პარტიას და ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემის საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისგან. უკრაინა თანმიმდევრულად, მყარად და მტკიცედ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. იმედი გვაქვს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიანად და დემოკრატიულად ჩატარდება, და ქართველი ხალხი გააგრძელებს ევროკავშირსა და ნატო–ში გაწევრიანების სტრატეგიულ კურსს”, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: თბილისში გამოჩნდა პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერები წარწერით: "არა ომს, აირჩიე მშვიდობა". ზოგ ბანერზე მარცხენა მხარეს გამოსახულია უკრაინის დონეცკის ოლქის სოფელ ბოგოროდიჩნეში დაბომბვის შედეგად განადგურებული ტაძარი, მარჯვნივ კი თბილისის სამების ტაძარი. ბანერების მარცხენა მხარეს შავ-თეთრი ფოტოებია, მარჯვენა მხარეს კი - ფერადი.

კიდევ ერთი პლაკატზე მარცხნივ გამოსახულია განადგურებული მარიუპოლის თეატრი, მარჯვნივ - სენაკის თეატრი, რომელიც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული "ქართუ ფონდის" მიერაა რეაბილიტირებული.

ბანერების მარცხენა მხარეს, სადაც ომის დროს დანგრეული უკრაინული შენობებია გამოსახული, გადახაზულია შემდეგი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ნომრები:

4 - „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“

5 - „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“

9 - „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“

25 - „გახარია საქართველოსთვის“.

"ასეთი შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს, “ღირსებით” ჯოჯოხეთისკენ!", – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ ბანერებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" ახალი - სკანდალური წინასაარჩევნო ბარიერი ეფუძნება კარგად ცნობილ პროპაგანდისტულ ნარატივს "რუსეთის წინააღმდეგ ომში საქართველოს ჩათრევის მცდელობების" თაობაზე, რომელსაც მმართველი ძალა პოლიტიკური ოპონენტებისა და ქვეყნის დასალელი პარტნიორების დისკრედიტაციისთვის იყენებს.

"ბანერებზე აქვთ პრეტენზია? ბანერებს შეხედეთ: ეს არის არსებული რეალობა, „ფოტოშოპით“ შექმნილი კი არაა!", – აცხადებს ყაველაშვილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები