
აშშ უკრაინისთვის შეიძენს საბრძოლო მასალას
27/09/2024 06:10:23 მსოფლიო
აშშ უკრაინის დასახმარებლად გაზრდილი თანხით კიევისთვის შეიძენს მათ შორის, უპილოტო საფრენ აპარატებს, საზენიტო რაკეტებს.
პენტაგონის განმარტებით, ამ მიზნით დაიხარჯება ის 2,4 მილიარდი დოლარი, რომლის განკარგვის გადაწყვეტილება 26 სექტემბერს მიიღო პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ეს თანხა გამოიყო უკრაინის დახმარების პროგრამის, Ukraine Security Assistance Initiative-ის ფარგლებში.
პენტაგონის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის საშუალებების, დრონების და ჰაერი-ხმელეთის კლასის საბრძოლო მასალების შეძენის გარდა, თანხა მოხმარდება თავად უკრაინაში საბრძოლო მასალების წარმოების ხელშეწყობას.
26 სექტემბერს ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინ, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ უკრაინა მიიღებს საერთო ჯამში, დამატებით 7,9 მილიარდი დოლარის დახმარებას.
26 სექტემბერს, თეთრ სახლში პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრისას პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ დახმარების ახალი პაკეტი მომავალი მოლაპარაკებებისთვის უკრაინის პოზიციებს განამტკიცებს.