
მოსკოვი თბილისს „საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ“ მოუწოდებს
03/02/2020 13:28:00 საგარეო პოლიტიკა
„საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებები ყველა სახელმწიფომ უნდა შეასრულოს“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თბილისში დაგეგმილი სხდომის სტრასბურგში შესაძლო გადატანის კომენტირებისას განაცხადა.
ცნობისთვის: საქართველოს ხელისუფლება ამ ვარიანტს ხსენებულ სხდომაში რუსეთის პირველ დიპლომატ სერგეი ლავროვის შესაძლო მონაწილეობის გამო განიხილავს.
„ეს დიდად არ გვაღელვებს. ჩვენი ამოსავალი წერტილი ისაა, რომ საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებები ყველა სახელმწიფომ უნდა შეასრულოს“, – განუცხადა რუს ჟურნალისტებს გრუშკომ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამასწინათ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად, საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დამრღვევი რუსეთის მოქალაქეებისთვის გამონაკლისს დაუშვებს და ისინი მაისში თბილისში ჩამოსვლას შეძლებენ. პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ კი დაამატა, რომ რუსული დელეგაციის თბილისში ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში იქნება მიღებული.