
"ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო სხდომების ბოიკოტს აგრძელებს
03/02/2020 14:19:06 საშინაო პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო სხდომების ბოიკოტს აგრძელებს. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთმა წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
"ხვალ იხსნება საგაზაფხულო სესია. სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" გვაიძულა, გამოვიყენოთ კანონით მინიჭებული უფლება ბოიკოტის რეჟიმის შესახებ. "ქართული ოცნება" არ არის მზად, აწარმოოს საპარლამენტო დიალოგი ოპოზიციასთან, იგი დაშორდა ხალხს", – განაცხადა გოცირიძემ.
რაც შეეხება საპროტესტო მოძრაობის სხვა ფორმებს, მისივე თქმით, ხვალ პარლამენტთან გაიმართება პიკეტი და გარდა ამისა, პროტესტი გაგრძელდება ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოებთან – მთავრობასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.
"იქნება ბრძოლა გამარჯვებამდე", – დასძინა გოცირიძემ.
ცნობისთვის: მმართველმა გუნდმა ოპონენტებს, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, საპარლამენტო მუშაობაში დაბრუნებისკენ მოუწოდა. "ქართული ოცნება" პირობას დებს, რომ თუ ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნდება, მზად არიან ნებისმიერ თემაზე მოლაპარაკებებისთვის.
პროპორციული არჩევნების ჩაგდების გასაპროტესტებლად ოპოზიცია ხვალიდან აქციებს განაახლებს. მიმდინარე წლის პირველ საგაზაფხულო სესიაზე მმართველი გუნდის წევრებს პარლამენტში მოხვედრა სირცხვილის კორიდორის გავლით მოუწევთ.