Accentnews.ge
ვოლსკი: ლავროვი იმ ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს განცხადებას, რაც რუსეთს აქვს, ასეა თუ ისე, პირველი ნაბიჯები გადასადგმელია

ვოლსკი: ლავროვი იმ ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს განცხადებას, რაც რუსეთს აქვს, ასეა თუ ისე, პირველი ნაბიჯები გადასადგმელია

30/09/2024 15:32:03 კონფლიქტები, პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ გენმდივნის და რიგი დეპუტატების მხრიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების პოზიტიურად შეფასების შემდეგ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ სერგეი ლავროვი იმ ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს განცხადებას, რაც რუსეთის ფედერაციას აქვს – რბილი ძალით სამხრეთ კავკასიაში გარკვეული პოზიციები შეინარჩუნოს.

„მისთვის მნიშვნელოვანი შუა დერეფანია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან სამხედრო შენაერთები გაიყვანოს“,- თქვა საზოგადოებრივი მაუწყების ცნობით, ვოლსკიმ.

მიუხედავად ამისა, მისი ხედვით, ეს განცხადება ნეგატიურად არ უნდა განვიხილოთ, რადგან „ურთულესი პრობლემების მოგვარება ასე იწყება“.

„რასაკვირველია, რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე სტრატეგიული პოზიციების დაკავება უნდოდა და დაიკავა კიდეც, რასაც გინდათ, მოღალატეობრივი შეცდომა დავარქვათ და გინდათ, მიზანმიმართული, მავნებლური საქმიანობა. მან ცისფერი ჩაფხუტი მოიხადა, როდესაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს კონტროლის ქვეშ იყო და ხაკისფერი დაიხურა – ეს რუსეთია. ოკუპაცია ისე გააფორმეს, რომ ამ ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“ ცნო. რასაკვირველია, მისი ინტერესი ამ ტერიტორიების და სამხრეთ კავკასიაში გავლენის შენარჩუნებაა. ის საფრთხეები, რაც მისგან მომდინარეობდა, კიდევ არ არის დავიწყებული. ეს გარკვეულწილად რბილი ძალაა, მაგრამ ამას ჩვენი კუთხიდან, ჩვენი რაკურსით და გადმოსახედით უნდა შევხედოთ. ისე უნდა ვიმოქმედოთ, როგორც ჩვენ გვაწყობს.

ლავროვი იმ ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს განცხადებას, რაც რუსეთის ფედერაციას აქვს – რბილი ძალით სამხრეთ კავკასიაში გარკვეული პოზიციები შეინარჩუნოს. მით უმეტეს, ადრე თუ გვიან, იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები დიდ ძალებს შორის განხორციელდება. მისთვის მნიშვნელოვანი შუა დერეფანია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან სამხედრო შენაერთები გაიყვანოს. ასეა თუ ისე, ყველა შემთხვევაში, პირველი ნაბიჯები გადასადგმელია. ეს განცხადება ნეგატიურად არ უნდა განვიხილოთ, რადგან ურთულესი პრობლემების მოგვარება ასე იწყება. მსოფლიოში ასეთი ფორმულის გარეშე გამოცდილება არ არსებობს, თუ არა სხვა გამოცდილება, რასაც ჰქვია შეიარაღებული ძალებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე, რომელიც გაერო–ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის შემდეგ გაიმართა, თქვა: „საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა უბრალოდ გულწრფელად აფასებს წარსულს. მათ ასეც თქვეს, რომ „ჩვენ გვინდა ისტორიული შერიგებაო“, ხოლო რა ფორმით შეიძლება მოხდეს ეს შერიგება, ეს თავად ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ: აფხაზეთშიც და სამხრეთ ოსეთშიც. ისინი საქართველოს მეზობლები არიან, მათ შორის რაღაც კონტაქტები მაინც გარდაუვალია. თუკი იქნება ყველა მხარის ინტერესი ამ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, თავდაუსხმელობის შეთანხმებების უზრუნველსაყოფისთვის... დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვიქნებით დაგეხმაროთ".

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა „რიტორიკის ცვლილებად“ შემოგვთავაზა სერგეი ლავროვის განცხადებას:

„რა თქმა უნდა, რიტორიკის ცვლილებას ჩვენ პოზიტიურად ვაფასებთ, თუმცა ამ ყველაფერს კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს. მაგალითად, ისეთი როგორიცაა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან მათი ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით“,- თქვა დეპუტატმა ჟურნალისტებთან.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პოზიტიურად შეაფასა ლავროვის განცხადება.

"ჯერ რუსეთთან დიპურთიერთობები აღადგინეთ!" - სოხუმმა თბილისს ლავროვის განცხადების პოზიტიურად შეფასების გამო დასცინა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S