ოკუპანტების მიერ დაკავებული ორი მოქალაქის გათავისუფლება არ დადასტურდა - მათ 5-წლიანი უკანონო პატიმრობა ემუქრებათ
03/10/2024 22:57:33 კონფლიქტები
ოკუპანტების მიერ 16 სექტემბერს ე.წ. გამყოფ ხაზთან დაკავებული სერგო მერაბიშვილისა და იასონ გენგიურის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა - მათ ოსურ ციხეში 5-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
საუბარია ინციდენტზე, რომლის შესახებ ინფორმაციაც 3 ოქტომბერს ოსურმა ტელეგრამ-არხმა „Сапа”-მ დე-ფაქტო უშიშროების ორგანოებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. მისი მტკიცებით, სოფელ პატარა მეჯვრისხევის ორი მკვიდრის - სერგო მერაბიშვილისა და იასონ გენგიურის დაკავება გამყოფი ხაზის სიახლოვეს "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის გამო" განხორციელდა.
"ჯერ დათვრნენ, მერე კი უკანონოდ გადმოკვეთეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი და სასაზღვრო ბოძის დემონტაჟს ცდილობდნენ, რასაც ვიდეოზე იღებდნენ და თან ხატოვნად იგინებოდნენ" - იუწყებოდა ოსური ტელეგრამ-არხი.
მისივე მონაცემებით, დაკავებულები მალევე "საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გააძევეს".
თუმცა მოგვიანებით ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა - ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში მიმდინარე ერგნეთის შეხვედრებზე ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა მერაბიშვილისა და გენგიურის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ დაკავებულებს თავისუფლების 5 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრებათ.
„მათ მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის მე-3 ნაწილით (პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით სახელმწიფო საზღვრის უკანონო) სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ცხინვალის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მთლიანობაში კი მათ თავისუფლების ხუთ წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრებათ“, - განაცხადა კოჩიევმა.