04-10-2024 18:46:21 საზოგადოება ,რეგიონები
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ კახეთის 4 ზოლიანი მაგისტრალის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთის გახსნისას განაცხადა, რომ მას დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორც რეგიონის მოსახლეობისათვის, ისე ქვეყნის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარებისათვის.
კახეთის 4 ზოლიანი მაგისტრალური გზის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა და თბილისიდან საგარეჯომდე ტრანსპორტი უკვე ჩქაროსნული გზით ისარგებლებს.
თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი, 4 ზოლიანი გზის მშენებლობა 2021 წელს დაიწყო და ქარსელაძის თქმით, "დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის შესყიდვები იმდაგვარად დაიგეგმა, რომ ქართულ კომპანიებს ტენდერში დამოუკიდებლად მონაწილეობის საშუალება მისცემოდათ. 35 კმ-იანი მაგისტრალის სამიდან ერთი მონაკვეთი სწორედ ქართულმა კომპანიამ ააშენა".
როგორც აღინიშნა, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი საერთაშორისო მაგისტრალური გზა თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი საგზაო ქსელის და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის ნაწილია, რომელზეც საერთაშორისო საავტომობილო მოძრაობა მკვეთრად მზარდია.
მინისტრის თქმით, საგზაო ინტენსივობის ანალიზის მიხედვით, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე ტრანზიტული მოძრაობა 2023 წელს 2019 წლის, ანუ პანდემიამდე პერიოდთან შედარებით 135%-ით გაიზარდა და 2022 წლიდან ზრდის ტენდენცია ნარჩუნდებოდა. შესაბამისად, არსებული ნაკადების ინტენსივობა 2 ზოლიანი საავტომობილო გზის გამტარუნარიანობას 25%-ით აჭარბებდა და ვერ უზრუნველყოფდა გაზრდილი სატრანსპორტო ნაკადების გატარებას.
"ძველი გზა ბევრი პარამეტრით ვერ პასუხობდა მოძრაობის ამჟამინდელ ინტენსივობას და მაგისტრალური გზის მშენებლობა კრიტიკულად აუცილებელი იყო. ახალი მაგისტრალური გზა, სამჯერ, ანუ 185%-ით გაზრდილი გამტარობით, უზრუნველყოფს არა მხოლოდ მიმდინარე, არამედ პერსპექტიულად მზარდი სატრანსპორტო ნაკადების მომსახურებას. თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზა სამჯერ გაზრდილ გამტარობასთან ერთად სულ მცირე ანახევრებს გადაადგილების დროს და ახალი მონაკვეთის გავლას სულ რაღაც 17 წუთი დასჭირდება“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
ხაზი გაესვა, რომ ახალი 4 ზოლიანი მაგისტრალი გვერდს უვლის და სრულად განტვირთავს მოძრაობას 4 ძირითად მჭიდროდ დასახლებულ სოფელსა და ქალაქში: ვაზიანში, სართიჭალაში, ნინოწმინდასა და საგარეჯოში, რასაც ამ დასახლებების შემდგომი განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება.
თავის გამოსვლაში მინისტრმა ისაუბრა კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აღნიშნა, რომ მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში 600კმ-მდე გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.