Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 30 სექტემბერი-2 ოქტომბერი

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 30 სექტემბერი-2 ოქტომბერი

04/10/2024 16:59:56 კონფლიქტები

პუტინმა ბჟანიას „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის“ დღე მიულოცა

საკუთარ მილოცვაში ვლადიმირ პუტინმა ხაზი გაუსვა რუსეთსა და აფხაზეთს შორის „სამოკავშირეო სტრატეგიული პარტნიორობის“ მნიშვნელობას.

„რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობა წარმატებით ვითარდება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპების საფუძველზე. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას. რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის ხელისუფლებისა და ხალხის აქტიურ დახმარებას სახელმწიფო განვითარების პრობლემების გადაჭრაში. გულითადად გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს, ხოლო თქვენს ყველა მოქალაქეს მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - აღნიშნულია მილოცვაში.

ოკუპირებულ აფხაზეთში 30 სექტემბერს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე“ აღინიშნება. ბჟანიას ეს დღე ნიკარაგუის და დნესტრისპირეთის ლიდერებმაც მიულოცეს.

კონსტანტინ ზატულინი აფხაზურ ოპოზიციას შეხვდა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი აფხაზეთში ჩავიდა ე.წ. „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღის“ აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა მისი შეხვედრა ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებთან - ადგურ არძინბასთან, თემურ გულიასა და ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა.

შეხვედრაზე, რომელმაც 2,5 საათზე მეტ ხანს გასტანა, განხილულ იქნა მოსკოვსა და რუსეთს შორის არსებული უთანხმოების საკითხები. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის მოქალაქეების მიერ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის საკითხს დაეთმო. ზატულინმა განაცხადა, რომ აპარტამენტების მშენებლობა საკანონმდებლო შეზღუდვების გვერდის ავლის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. თავის მხრივ, ოპოზიციამ განუმარტა მას აფხაზი ხალხის შიშები, რომლებიც აპარტამენტების მასშტაბურ გაყიდვას უკავშირდება.

ზატულინის შეფასაბები ოპოზიციის არგუმენტების საპასუხოდ საკმაოდ კატეგორიული იყო. მან პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთის დახმარების გარეშე აფხაზეთი ვერ იარსებებს. „ჩემი ღრმა რწმენით, აფხაზეთის მიმართ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, რუსეთის მხარდაჭერის გარეშე აფხაზეთი, დიდი ალბათობით, ვერ იარსებებს. შესაძლოა ოდესმე, არაჩვეულებრივ მომავალში დახმარების საჭიროება აღარ იყოს, თუმცა ამჟამად ის საჭიროა, არა იმავე მოცულობით, როგორც 2008 წელს, მაგრამ მაინც მნიშვნელოვნად. კარგი ცხოვრებისთვის აფხაზეთისთვის აუცილებელია რუსეთთან გახსნილი ურთიერთობა“, - დასძინა რუსმა დეპუტატმა.

ზატულინმა გაკვირვება გამოთქვა აფხაზურ საზოგადოებაში არსებული შიშების გამო, განსაკუთრებით რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის აღმოჩენილი დახმარების გათვალისწინებით. „არ მჯერა, რომ თქვენ რეალურად გგონიათ, რომ რუსეთის ფედერაციისა და რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საფრთხე გემუქრებათ. მესმის, რომ ადგილი აქვს შიდაპოლიტიკურ ბრძოლას. ოპოზიციას თავისი პრეტენზიები აქვს დღევანდელ ხელისუფლებასთან, ხელისუფლებას კი ოპოზიციის მიმართ. მე პატივს ვცემ აფხაზეთის მოქალაქეების უფლებას, თავად გადაწყვიტონ, ვინ არის მათთვის უკეთესი… აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთში არავინ გიკარნახებთ, ვის მისცეთ ხმა და ვის არა“, - აღნიშნა ზატულინმა.

რუსმა მაღალჩინოსანმა ასევე მოუწოდა პოლიტიკურ ძალებს, არ მოახდინონ რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებით სპეკულირება. „ჩემი დიდი თხოვნაა ყველა ამ მყოფი ადამიანის მიმართ, შევინარჩუნოთ რუსულ-აფხაზური ურთიერთობები“, - განაცხადა ზატულინმა.

აღსანიშნავია, რომ აფხაზურმა ოპოზიციამ ზატულინს შეხვედრის წინადადებით მას შემდეგ მიმართა, რაც ამ უკანასკნელმა აფხაზი ოპოზიციონერისთვის, კან კვარჩიასთვის რუსეთის მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევაზე ისაუბრა. თავად კვარჩია შეხვედრას არ დაესწრო.

კონსტანტინ ზატულინი: „რუსეთი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჯარების გაყვანას არ განიხილავს“

ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რუსულ საინფორმაციო სააგენტო НСН-ს განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით. მისი მტკიცებით, რუსეთი არ გაიყვანს ჯარებს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან და არ განიხილავს საქართველოსთვის მათ დაბრუნებას.

„დაახლოება განა რუსული ჯარების გაყვანას გულისხმობს? ჩვენ შეთანხმებები გვაქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო საკითხებზე და ა.შ. არავინ განიხილავს ამ საკითხს. ლავროვმა თქვა ის, რაც თქვა. მას ჯარების გაყვანა არ უგულისხმია“, - აღნიშნა ზატულინმა. მისივე განცხადებით, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოში უნდა აღიარონ „რეალობა“ და ჩამოაყალიბონ „გარკვეული რეალური ურთიერთქმედების ფორმები სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფარგლებში“.

აფხაზეთი მორიგი დათმობისთვის ემზადება

სასამართლო და საარბიტრაჟო სასამართლოების გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარების შესახებ „შეთანხმების“ რატიფიცირების შემდეგ, დე ფაქტო ხელისუფლება მოსკოვთან კიდევ ერთი ხელშეკრულების გაფორმებისთვის ემზადება. კერძოდ, საუბარია „რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ“ შეთანხმებაზე, რომლის ხელმოწერის გაჭიანურება მოსკოვის მხრიდან სოხუმისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტის ერთ-ერთ მიზეზად იქცა. გავრცელებული ინფორმაციით, საკითხი ე.წ. პარლამენტში 7 ოქტომბერს განიხილება (ცნობისთვის: ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შემდეგ, აფხაზურ „კანონმდებლობაში“ შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად ნებისმიერი საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერამდე მის პროექტს პარლამენტი განიხილავს).

ადგილობრივი ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება „შეთანხმების“ გაფორმებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ისინი მიიჩნევენ, რომ მოცემული რედაქციით ეს დოკუმენტი „სერიოზულ ეკონომიკურ რისკებს შეიცავს და არ პასუხობს აფხაზეთის ეროვნულ ინტერესებს“.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოხუმში პრეს-კონფერენციაც გაიმართა, რომლის დროსაც საზოგადოებრივმა და პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა მოსახლეობას საკუთარი პოზიცია გაუზიარეს. მათ ასევე წერილით მიმართეს ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარეს ლაშა აშუბას და დოკუმენტის განხილვისას ღია სხდომის ჩატარებისკენ მოუწოდეს.

ვიაჩესლავ ჩირიკბა: „აფხაზეთის საქართველოში ინტეგრაციაზე საუბარი ზედმეტია“

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორმა და ე.წ. საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ „ტასს“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთი დადებითად აღიქვამს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების იდეას, თუმცა აფხაზეთის საქართველოში ინტეგრირებაზე საუბარიც ზედმეტია.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით სერგეი ლავროვის განცხადებას რუსეთის მზადყოფნის შესახებ, განაგრძოს საკუთარი წვლილის შეტანა აფხაზეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მოგვარების პროცესში. ურთიერთობების ნორმალიზების იდეა, თავისთავად, არ შეიძლება დადებითად არ იყოს აღქმული, მაგრამ საქართველომ უნდა გაიაზროს, რომ აფხაზეთთან ურთიერთობის დაწყება არ შეიძლება ნულიდან და მხოლოდ ბოდიში არ შეცვლის სიტუაციას – ჩვენს ქვეყნებს მძიმე კონფლიქტი და პრაქტიკულად ცივი ომის ხანგრძლივი პერიოდი აშორებს. არ შეიძლება საუბარი აფხაზეთის საქართველოში ინტეგრაციასა და საქართველოს ე.წ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. აშკარაა, რომ ყოფილი საქართველოს სსრ ვეღარ აღდგება და აქ სრულიად განსხვავებული მიდგომებია საჭირო“, - განაცხადა ჩირიკბამ. მისივე თქმით, „მხოლოდ დამოუკიდებლობის აღიარებამ შეიძლება დაასრულოს ეს კონფლიქტი და გახსნას ახალი ერა აფხაზეთისა და საქართველოს შორის ურთიერთობებში“.

ჩირიკბა მიიჩნევს, რომ მტრის იმიჯის შესაცვლელად, თბილისმა საკუთარ მიდგომებში რეალური ცვლილებები უნდა შეიტანოს და დაამტკიცოს მშვიდობიანი განცხადებების გულწრფელობა. კერძოდ, მისი მტკიცებით, საქართველომ ხელი უნდა შეუწყოს აფხაზური „პასპორტით“ გადაადგილებას, არ შეუშალოს ხელი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს საერთაშორისო კავშირების დამყარებაში, შეწყვიტოს ტერმინ „ოკუპირებული ტერიტორიების“ გამოყენება და გააუქმოს შესაბამისი კანონი.

ჩირიკბამ სინანული გამოთქვა, რომ ჟენევის მოლაპარაკების პროცესი „პრაქტიკულად ჩიხშია შესული“ იმის გამო, რომ ქართულ მხარეს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმება არ სურს. „ამ ვალდებულების აღებაზე უარის თქმა იმის მანიშნებელია, რომ საქართველო იტოვებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენების უფლებას. თუ საქართველოს ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი გულწრფელია, რატომ არ უნდა დაადასტუროს ეს შესაბამის განცხადებაზე ხელმოწერით? სოხუმს და ცხინვალს აღარ სჯერა ცარიელი სიტყვების, როგორი ტკბილიც არ უნდა იყოს ისინი, და ამისთვის საკმარისი მიზეზი აქვთ“, - განაცხადა ყოფილმა „საგარეო საქმეთა მინისტრმა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S