Accentnews.ge
სენატორები ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ: "მოგვცეს გარანტიები, რომ ვითარება შეიცვლება"

სენატორები ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ: "მოგვცეს გარანტიები, რომ ვითარება შეიცვლება"

05/02/2020 05:46:06 საგარეო პოლიტიკა

აშშ–ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართული მხარისგან მიიღო გარანტიები, რომ საქართველოში დემოკრატიულ განვითარების კუთხით ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება. ამის შესახებ სენატორმა ჯიმ რიშმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ "ამერიკის ხმასთან“ საუბრისას განაცხადა.

“ქართველები ჩვენი მეგობრები არიან. ეს შესანიშნავი ქვეყანაა, რომელიც გვინდა რომ წარმატებული იყოს. მე საქართველოში 2012 წელს ვიყავი არჩევნებზე, როგორც ამერიკის მხარის ოფიციალური დამკვირვებელი. ჩვენთვის შთამბეჭდავი იყო, თუ როგორ წარიმართა არჩევნები. ჩვენ გვჯეროდა, რომ მაშინ ხელისუფლება დემოკრატიული მმართველობისთვის საჭირო რეფორმებს გაატარებდა, რომლებიც ხალხს მოეწონებოდა. თუმცა, ვიხილეთ შემაშფოთებელი ნიშნები. ჩვენ ბატონ ზალკალიანთან კარგი შეხვედრა გვქონდა, რომელზეც ამ საკითხებზე ვისაუბრეთ და მოგვცეს გარანტიები, რომ ვითარება შეიცვლება. ჩვენ მდგომარეობას დავაკვირდებით. ეს ქართველების ქვეყანაა და დარწმუნებული ვარ, ქართველებს თავისუფალი და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა სურთ. ჩვენ გვინდა ამ საქმეში მათ გვერდით ვიდგეთ. ამასთან, ვისაუბრეთ არჩევნებზე, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში გაიმართება. ქართველი ხალხი გამოხატავს თავის პოზიციას. 2012 წელს, როცა მე საქართველოში ვიყავი, ყველა ფიქრობდა, რომ სააკაშვილი მოიგებდა და ივანიშვილმა გაიმარჯვა. ქართველი ხალხი თავად იღებს გადაწვეტილებას და ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერს უფრო ახლოდან აკვირდებიან, ვიდრე ჩვენ”, - განაცხადა სენატორმა რიშმა „ამერიკის ხმასთან" საუბრისას.

სენატში ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის დემოკრატმა ლიდერმა ჯინ შაჰინმა იმედი გამოთქვა, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემა.

„ჩვენ ძალიან მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს და პატივს ვცემთ ქართველი ხალხის ევროპულ კურსს ნატო–სკენ სწრაფვას. გვინდა, ამას მხარი დავუჭიროთ და იმედი გვაქვს, გვექნება ამ მხარდაჭერის გაგრძელების შესაძლებლობა“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას.

ცნობისთვის: სენატორებმა რიშმა და შაჰინმა რამდენიმე დღის წინ პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას წერილი გამოუგზავნეს. წერილში ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ საარჩევნო რეფორმის თაობაზე დაპირების უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძრვისა და პროტესტის ძალადობრივი მეთოდებით ჩახშობის გამო. სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, დაიცვას დემოკრატიული პრინციპები და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა გადაიხედოს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონს გუშინ ეწვია და იგი ვიზიტს 7 თებერვალს დაასრულებს. ამერიკის დედაქალაქში მას დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც შემოუერთდება. ისინი შეხვედრებს კონგრესის გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტისა და ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გამართავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S