Accentnews.ge
კალაძე: ევროკავშირი გვინდა, მაგრამ არა ისე, რომ ვიაროთ ევროკავშირის ელჩის განცხადების განწყობებზე

კალაძე: ევროკავშირი გვინდა, მაგრამ არა ისე, რომ ვიაროთ ევროკავშირის ელჩის განცხადების განწყობებზე

07/10/2024 10:13:13 პოლიტიკა

„მოსაწონი აქ არაფერია. აქ უბრალოდ საუბარია იმ სამწუხარო რეალობაზე, რომლის სურვილი აქვთ, ჩვენს სამშობლოშიც ანალოგიური მოხდეს. ამას ვამბობთ ჩვენ, რომ არ გვინდა ამ უბედურებაში, კატასტროფაში შესვლა. ამ ყველაფერს მოაქვს ტერიტორიების დაკარგვა, სოფლების, ქალაქების განადგურება, ინფრასტრუქტურის მოსპობა, მშვიდობიანი მოსახლეობის, გმირი ჯარისკაცების განადგურება. ხომ ვიცით, რომ ომი არის უბედურების მომტანი?! არ გვინდა ეს ყველაფერი. მშვიდობა გვინდა, განვითარება, წინსვლა, ევროპული მომავალი, ევროკავშირი გვინდა. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, მაგრამ არა ისე, რომ ვიღაცამ დაგვაჩოქოს, დაგვამონოს, თავში წამოგვარტყას და ვიაროთ ევროკავშირის ელჩის განცხადების განწყობებზე, თუ რა მოეწონება და რა არა. არ არის ეს დამოკიდებულება სწორი“, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, "მოსწონს თუ არა ქართველ ამომრჩეველს მმართველი გუნდის საარჩევნო ბანერები".

"ოცნების" საარჩევნო ბანერი

სექტემბრის ბოლოს თბილისში გამოჩნდა პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერები წარწერით: "არა ომს, აირჩიე მშვიდობა". ზოგ ბანერზე მარცხენა მხარეს გამოსახულია უკრაინის დონეცკის ოლქის სოფელ ბოგოროდიჩნეში დაბომბვის შედეგად განადგურებული ტაძარი, მარჯვნივ კი თბილისის სამების ტაძარი. ბანერების მარცხენა მხარეს შავ-თეთრი ფოტოებია, მარჯვენა მხარეს კი - ფერადი.

კიდევ ერთი პლაკატზე მარცხნივ გამოსახულია განადგურებული მარიუპოლის თეატრი, მარჯვნივ - სენაკის თეატრი, რომელიც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული "ქართუ ფონდის" მიერაა რეაბილიტირებული.

ბანერების მარცხენა მხარეს, სადაც ომის დროს დანგრეული უკრაინული შენობებია გამოსახული, გადახაზულია შემდეგი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ნომრები:

4 - „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“

5 - „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“

9 - „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“

25 - „გახარია საქართველოსთვის“.

"ასეთი შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს, “ღირსებით” ჯოჯოხეთისკენ!", – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ ბანერებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" ახალი - სკანდალური წინასაარჩევნო ბარიერი ეფუძნება კარგად ცნობილ პროპაგანდისტულ ნარატივს "რუსეთის წინააღმდეგ ომში საქართველოს ჩათრევის მცდელობების" თაობაზე, რომელსაც მმართველი ძალა პოლიტიკური ოპონენტებისა და ქვეყნის დასალელი პარტნიორების დისკრედიტაციისთვის იყენებს.

რა თქვა ევროკავშირის ელჩმა

"იყო და არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი", - ასე შეაფასა 4 ოქტომბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერები.

რაც პასუხობენ ევროპელ დილომატს "ოცნებაში"

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მიერ „ქართული ოცნების” საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას "საარჩევნო პროცესში ჩარევად" აფასებს.

„ბატონი ჰერჩინსკის განცხადება, რომელმაც მან "აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი" უწოდა იმ საარჩევნო ბანერებს. ესეც არის ჩარევა საარჩევნო პროცესში, ვინაიდან ხდება ერთი მხარის, თუნდაც საარჩევნო ბანერების შეფასება და ის, რატომღაც, არ აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან წარმოებულ კამპანიას და ვნახეთ მათი ბანერებიც, როგორც გაკრული ქალაქში, ისე მცირე პოსტერები, რომელსაც ხან სოციალური მედიით ავრცელებენ. ამ მხრივ, არის, ასევე, ფარისევლური მისი განცხადებაც, ვინაიდან, ჩვენ გვახსოვს, რომ მან აღმაშფოტებელი არ უწოდა FactCheck თანამშრომლის მხრიდან პარლამენტის წევრზე საჯარო სივრცეში მივარდნას და თავდასხმას იმიტომ, რომ ეს თანამშრომელი ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება; მან სამარცხვინო არ უწოდა "სირცხვილია" თანამშრომლების მხრიდან პოლიტიკური თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის და შეურაცხყოფის ზარებს, იმიტომ, რომ „სირცხვილია” ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება. მა შემზარავი არ უწოდა "JAMnews”–ის ჟურნალისტის მხრიდან გავრცელებულ ბანერს, სადაც იგი 84 ტვიით გვემუქრებოდა პარლამენტის წევრებს იმიტომ, რომ "JAMnews” ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამიტომ, როდესაც დააპირებენ სხვები, რომ ჩვენს თვალში ბეწვი მოძებნონ, ჯერ საკუთარ თვალში მოძებნონ, არის თუ არა იქ დირე. ეს არის სამწუხარო, ფარისევლური დამოკიდებულება ჩვენს მიმართ", – აცხადებს პაპუაშვილი.

როგორ ხსნიან "ოცნებაში" ბანერების აუცილებლობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თვლის, რომ ქართულ საზოგადოებას სჭირდება ომის შედეგების შეხსენება. ასე ხსნის იგი პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგების ამსახველი სურათების გამოყენებას.

მისი თქმით, კრიტიკული მედია და ოპონენტები „იმას, რაც ხდება უკრაინაში“, „წარმოაჩენენ“ რომანტიულად და „ეს ხდება იმისთვის, რომ საზოგადოება შეაგუოს ომის იდეას“.

„საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რა არის ომის ფასი [...]საქართველოში ომს და უკრაინის სცენარის განხორციელებას ვერ ეღირსებით. საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რა არის ომის შედეგები და ომის ფასი“,- განუცხადა მან გმირთა მემორიალთან შეკრებილ ჟურნალისტებს, სადაც იგი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მივიდა.

მან კომენტარი არ გააკეთა კიევის რეაქციაზე უკრაინის თემის პოლიტიკურ რეკლამაში გამოყენებასთან დაკავშირებით.

"საზოგადოებას ვახსენებთ, რა შედეგები მოჰყვება ომს ზოგადადა და რა ავიცილეთ თავიდან 2022 წელს, 20023 წელს და რა უნდა ავიცილოთ თავიდან ამ საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე და ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. [...] [ომისა და მშვიდობის შედარება] ეს არის პრინციპული იმისათვის, რომ საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი. რაც არის გამოსახული ამ სურათებზე, არის ის, რაც თავიდან ავირიდეთ ძალიან დიდი ბრძოლის ფასად, სხვათა შორის. 2022-2023 წლებში ჩვენს ქვეყანას ელოდებოდა იგივე ბედის გაზიარება ჩვენ რომ სწორი ნაბიჯები არ გადაგვედგა და იგივეს აპირებენ ვიღაც-ვიღაცეები საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც“,- ამტკიცებდა 27 სექტემბერს კობახიძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S