
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 3-6 ოქტომბერი
09/10/2024 06:06:25 კონფლიქტები
რუსეთში სერგეი ლავროვისა და სერგეი შამბას შეხვედრა გაიმართა
4 ოქტომბერს მოსკოვში გაიმართა შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვსა და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი შამბას შორის. შეხვედრაზე სერგეი ლავროვმა დადებითად შეაფასა აფხაზეთთან თანამშრომლობის დინამიკა, ასევე აფხაზეთის „მოქალაქეების“ მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში უკრაინაში და ომით დაზარალებული მოსახლეობისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარება. მან დაადასტურა, რომ რუსეთი განაგრძობს აფხაზეთის მხარდაჭერას სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში, თუმცა იქვე იმედი გამოთქვა, რომ სოხუმი დროულად დაასრულებს მუშაობას ყველა იმ დოკუმენტზე, რომელიც რუსეთ-აფხაზეთის დღის წესრიგში დგას (საუბარია ინვესტიციების „შეთანხმებასა“ და აპარტამენტების „კანონზე“). “მივესალმებით მიმდინარე წლის 25 სექტემბერს ეკონომიკურ საკითხებზე სასამართლო და საარბიტრაჟო სასამართლოების გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარების თაობაზე შეთანხმების რატიფიცირებას. ვიმედოვნებთ, რომ დანარჩენი დოკუმენტებიც, რომლებზეც მუშაობა მიმდინარეობს, დროულად იქნება შეთანხმებული“, - განაცხადა მან.
სერგეი ლავროვი ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს და აღნიშნა, რომ რუსეთი პრინციპული პოზიციის ერთგული რჩება და ხელს უწყობს ისეთი ხელშეკრულების გაფორმების საკითხის განხილვას, რომელიც „საიმედოდ დაიცავს“ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, არსებული რეალობის აღიარების საფუძველზე, რაც მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობას“ გულისხმობს.
თავის მხრივ, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებამ „უზარმაზარი შესაძლებლობები გახსნა ეკონომიკის უსაფრთხოებისა და განვითარების უზრუნველსაყოფად“. „თუკი 2008 წლამდე, სანამ რუსეთი აფხაზეთს აღიარებდა, ჩვენს საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჭარბობდა შიში და ახალი აგრესიის საფრთხე საქართველოს მხრიდან, ჩვენს შორის დადებული შეთანხმებების შემდეგ ამ საფრთხემ უკანა პლანზე გადაინაცვლა. ხალხმა დაიწყო ფიქრი ეკონომიკაზე და სოციალურ საკითხებზე“, – განაცხადა მან.
შამბამ რეგიონში არსებულ მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, „დასავლეთის ქვეყნები და უკრაინა საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ უბიძგებენ“.
მისივე თქმით, აფხაზი ხალხი ყოველთვის პატიოსნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა მოკავშირეობის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. „რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს რთული შიდაპოლიტიკური ვითარება, აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამოვდივართ, ამიტომ ყველა ვალდებულებას შევასრულებთ“, - დასძინა შამბამ.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვში ასევე გაიმართა სამმხრივი შეხვედრა სერგეი ლავროვს, სერგეი შამბასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს ახსარ ჯიოევს შორის. შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ "რუსეთის ხელმძღვანელობის 2008 წლის გადაწყვეტილება აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის აღიარების თაობაზე გადახედვას არ ექვემდებარება".
ისრაელის მიერ დამასკოში განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს აფხაზეთის ე.წ. საელჩო დაშავდა
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ისრაელის მიერ სირიაში განხორციელებული თავდასხმა, რომლის დროსაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის საელჩოც დაიბომბა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„2 ოქტომბერს ისრაელის საჰაერო ძალებმა გოლანის მაღლობებიდან დამასკოს მეზეს რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა სახელმწიფოების დიპლომატიური წარმომადგენლობები მდებარეობს, მათ შორის აფხაზეთის რესპუბლიკის საელჩო. თავდასხმის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და სამი დაშავდა. სირიის დედაქალაქის მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ისრაელის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმას კატეგორიულად ვგმობთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
სოხუმი და გროზნო „დაძმობილდნენ“
ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ხელი მოეწერა „თანამშრომლობისა და დაძმობილების შეთანხმებას“ სოხუმსა და გროზნოს შორის.
დოკუმენტს სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბესლან ეშბამ და გროზნოს მერმა ხას-მაგომედ კადიროვმა მოაწერეს ხელი. გავრცელებული ინფორმაციით, ის ითვალისწინებს „თანამშრომლობის“ განვითარებას სამეცნიერო, ტექნიკურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ, ასევე სპორტისა და ტურიზმის სფეროებში.
აფხაზური „დელეგაცია“ ჩეჩნეთის რესპუბლიკას დედაქალაქის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით ესტუმრა.