
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 7-9 ოქტომბერი
11/10/2024 05:56:27 კონფლიქტები
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები სოხუმში იმყოფებოდნენ
ვიზიტის ფარგლებში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, გაეროსა და ეუთოდან შეხვედრა გამართეს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ოდისეი ბიგვავასთან.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ჟენევის მოლაპარაკებების 5-6 ნოემბერს დაგეგმილი 62-ე რაუნდის დღის წესრიგი. ოდისეი ბიგვავამ მიმოიხილა ფართო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. მან აღნიშნა, რომ აფხაზეთს, როგორც რუსეთის მოკავშირეს, აწუხებს დასავლეთის განცხადებები უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდების თაობაზე, რაც მისი თქმით, კონფლიქტს უფრო გააღრმავებს.
დე ფაქტო მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა თბილისსა და სოხუმს შორის ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების აუცილებლობას. ყურადღება ასევე გამახვილდა გალის ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის აღდგენის მნიშვნელობაზე.
ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ასევე შეხვდნენ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას.
შეხვედრაზე სერგეი შამბამ აღნიშნა ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობა, როგორც ერთადერთი ფორმატის, სადაც შესაძლებელია საუბარი არსებულ გამოწვევებზე.
შამბამ განაცხადა, რომ თუ „საქართველო განხორციელებული ქმედებებისთვის ბოდიშს მოიხდის, აფხაზეთი შერიგებისკენ გადადგმულ ასეთ ნაბიჯს მიესალმება“. ამავდროულად, მან დასძინა, რომ „საქართველომ უარი უნდა თქვას ისეთ ფორმულირებებზე, როგორიც არის ოკუპირებული ტერიტორიები, რაც ურთიერთობების დარეგულირებას ხელს არ უწყობს“. დე ფაქტო მინისტრის მტკიცებით, „აფხაზეთის რესპუბლიკის პოლიტიკური სტატუსი განხილვას არ ექვემდებარება“.
გარდა ამისა, შამბამ აღნიშნა, რომ "აფხაზეთის მხარისთვის ჟენევის შეხვედრების დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს პუნქტებად კვლავინდებურად რჩება ორი მოთხოვნა - საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობა და ამ მიზნით აფხაზეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო ორმხრივი შეთანხმების გაფორმება".
სოხუმში მოსკოვის მიერ მოთხოვნილი მორიგი შეთანხმების დამტკიცების საკითხი განიხილეს
7 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში განხილულ იქნა „რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების“ პროექტი. აღსანიშნავია, რომ “შეთანხმების“ ტექსტმა მედიაში ჯერ კიდევ ივლისში გაჟონა და რუსი ინვესტორებისთვის გათვალისწინებული უპრეცედენტო პრივილეგიების გამო ადგილობრივი საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.
დოკუმენტის მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ ის ადგილობრივ მეწარმეებს „უთანასწორო კონკურენციის პირობებს შეუქმნის და შესაძლოა სრულად გაანადგუროს აფხაზური ბიზნესი“. ოპოზიციის წევრებისა და სამოქალაქო სექტორის შეშფოთებას ის ფაქტიც იწვევს, რომ მოსკოვმა არ გაითვალისწინა სოხუმის არც ერთი შენიშვნა „შეთანხმების“ ტექსტთან დაკავშირებით. ისინი მიიჩნევენ, რომ „შეთანხმება“ კოლონიალურ ხასიათს ატარებს და მის ხელმოწერას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
განხილვის პროცესს ესწრებოდა აფხაზეთის ლიდერი ასლან ბჟანია. ოპოზიციონერი „დეპუტატები“ ამტკიცებდნენ, ბჟანია ძალიან ღელავდა და საკითხის დადებითად გადასაწყვეტად მათზე ზეწოლასაც ცდილობდა. კრიტიკული მედიის ჟურნალისტები სხდომაზე არ შეუშვეს.
საგულისხმოა, რომ ინვესტიციების „შეთანხმების“ ხელმოწერა რუსეთმა სოხუმისთვის ფინანსური დახმარების გაგრძელების წინაპირობად დაასახელა. მიუხედავად ამისა, დე ფაქტო პარლამენტმა მისი გაფორმების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, საკითხის განხილვა ახლო მომავალში გაგრძელდება.
დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დაბადების დღე მიულოცა
ბჟანიას მისალოც წერილში აღნიშნულია, რომ პუტინი თანამედროვე ისტორიის „გამოჩენილი და ავტორიტეტული მსოფლიო ლიდერია“, რომლის მმართველობის დროს რუსეთმა „ეპოქალური ცვლილებები“ განიცადა.
„სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურის პოსტზე თქვენი მოღვაწეობა განასახიერებს რუსეთის გაძლიერების ისტორიას, რომელიც დაფუძნებულია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - თავისუფლებასა და სამართლიანობაზე“, - აღნიშნავს ბჟანია.
მისი განცხადებით, აფხაზი ხალხი „უზომოდ“ მადლიერია პუტინის პირადი წვლილისთვის „აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაში, მშვიდობის შენარჩუნებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში“.