თარგამაძე: ჩემთვის ნათელია, რომ დამკვეთი იყო ივანიშვილი, შემსრულებელი - ეს მთავრობა, რუსების მონაწილეობით

11-10-2024 18:46:46 პოლიტიკა ,სამართალი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და ამბობს, მისთვის ყველაფერი "ნათელია".

გივი თარგამაძის თქმით, ხელისუფლებას ერთი და იგივე ტერაქტით ორ არჩევნებზე ზემოქმედება სურს.

„ცინიზმი ამ ყველაფრის არის ის, რომ ერთი ტერაქტით ორ არჩევნებზე უნდათ ზემოქმედება. 2016 წლის არჩევნებზე ხომ მოახდინეს, ახლა კიდევ უნდათ ამ არჩევნებზე ზემოქმედება",- თქვა მან "ფორმულას" ეთერში.

"ახლა ეს საქმე არის სრულიად ნათელი. ჩემთვის არის სრულიად ნათელი, რომ დამკვეთი იყო, რა თქმა უნდა, ივანიშვილი, შემსრულებელი ეს მთავრობა, რუსების მონაწილეობით, ამაში დარწმუნებული ვარ სრულებით. ეს ჯგუფები ყოველთვის რუსებზე მუშაობდნენ. შესაბამისად, ორ კვირაში, როდესაც ისინი დატოვებენ ხელისუფლებას და დამყარდება ნორმალური მართლმსაჯულება, პირობას ვაძლევ, რომ არათუ ხეჩოშვილი ვერ დატოვებს საპატიმროს, სათითაოდ მიუსხდებიან ყველანი გვერდზე", - თქვა თარგამაძემ.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, პოლიტიკოს გივი თარგამაძეს, 2016 წელს, სანამ მის ავტომობილს ააფეთქებდნენ, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დავალებით უთვალთვალებდნენ. პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ ეს ინფორმაცია მიიღეს მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებული დარჩო ხეჩუაშვილისგან. პროკურორს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, დასტურდება თუ არა სხვა მტკიცებულებებით მსჯავრდებული ჩვენება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები