
ილიაუნი: კიდევ უფრო მყარდება ეჭვი, რომ ავტორიზაციის საბჭო არ მოქმედებდა დამოუკიდებლად
11/10/2024 15:40:47 საზოგადოება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, 10 ოქტომბერს გამოქვეყნდა ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება და ოქმი, რომელიც უნივერსიტეტის თქმით, "შეუსაბამოა ავტორიზაციის დებულებასთან, ამასთანავე, წინააღმდეგობრივია ზეპირი მოსმენისას გამოცხადებულ გადაწყვეტილებასთან, კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ საბჭო არ მოქმედებდა დამოუკიდებლად".
"გუშინ გვიან საღამოს გამოქვეყნდა ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება და ოქმი, რომლის მიხედვით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მიენიჭა ავტორიზაცია სრულიად ბუნდოვანი, ავტორიზაციის დებულებასთან აცდენილი ჩანაწერით. ერთი მხრივ, 26 სექტემბრის საბჭოს მიმდინარეობისას სრულად დარღვეული პროცედურები და, მეორე მხრივ, გამოქვეყნებული გადაწყვეტილება, რომელიც შეუსაბამოა ავტორიზაციის დებულებასთან, ამასთანავე, წინააღმდეგობრივია ზეპირი მოსმენისას გამოცხადებულ გადაწყვეტილებასთან, კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ საბჭო არ მოქმედებდა დამოუკიდებლად.
აშკარაა, რომ დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილებით საბჭომ დიდი ზიანი მიაყენა არა მხოლოდ უნივერსიტეტს, არამედ ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის რეპუტაციასაც.
ილიას უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები უახლოეს ხანში მოამზადებენ ამ აბსურდული გადაწყვეტილების ანალიზს და ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, საუნივერსიტეტო საზოგადოების ჩართულობით მოაწყობენ ღია განხილვას.
ილიაუნი დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს საბჭოს გადაწყვეტილებას; ამასთანავე, გამოიყენებს აპელაციის ყველა იმ მექანიზმს, რომლებიც განსაზღვრულია საუნივერსიტეტო ხარისხის კონტროლის საერთაშორისო ასოციაციების სტანდარტებით". - ნათქვამია განცხადებაში.
27 სექტემბერს ილიაუნი იუწყებოდა, რომ "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ქართველი და უცხოელი ექსპერტების შემადგენლობით შეაფასა 2024 წლის ივნისში. ექსპერტთა დასკვნით, ილიას უნივერსიტეტმა უკლებლივ ყველა სტანდარტის მიხედვით უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა. გუშინ [26 სექტემბერს] ჩატარდა ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტებების გარეშე შეცვალა ავტორიზაციის ექსპერტთა უმაღლესი შეფასებები, და ამის საფუძველზე უნივერსიტეტს მიანიჭა ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით. ჩვენ პრინციპულად არ ვეთანხმებით საბჭოს ამ გადაწყვეტილებას და, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ სააპელაციო კომისიაში, როგორც კი ოფიციალურად გამოგვიგზავნიან საბჭოს ოქმს და გადაწყვეტილებას.ოქმისა და გადაწყვეტილების ოფიციალურად წარმოდგენისთვის საბჭოს 10 სამუშაო დღე აქვს".