
"ოცნება" და მოსკოვი კვლავ ერთი ანტიდასავლური ენით გვესაუბრებიან
15/10/2024 11:07:13 კონფლიქტები, პოლიტიკა
კრემლი და საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნება" აგრძელებენ საუბარს ერთი და იგივე ანტიდასავლური ენით. რუს სახელმწიფო მოხელეებსა და პროპაგანდისტებს, რომლებმაც, "ოცნების" ლიდერშიფის მსგავსად, ბოლო თვეების განმავლობაში უკვე არაერთგზის დაადანაშაულეს საქართველოს მრავალწლიანი დასავლელი პარტნიორები "საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში", "მორიგი ფერადი რევოლუციის", "მაიდანის", "გადატრიალების" მზადებასა და "რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩატრევის მცდელობაში", დღეს კრემლის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვიც შეემატა.
"დასავლეთი საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაზე ზემოქმედებას ცდილობს, განსხვავებით რუსეთისგან, რომელიც არ ჩარეულა და არც აპირებს ჩარევას ამ ქვეყნის შიდა საქმეებში. არჩევნები ჩვენი საქმე არაა, ისევე, როგორც არაა დასავლეთის. მიუხედავად ამისა, თვალს ვადევნებთ დასავლეთის ქვეყნების დაუფარავ მცდელობებს, პირდაპირი ზეწოლა ახორციელონ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასა და საარჩევნო კამპანიაზე" - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს პესკოვმა.
არადა, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური, ისევე, როგორც ცალკეული რუსი მაღალჩინოსნები ბოლო თვეებში სისტემატიურად აკეთებენ განცხადებებს საქართველოში 26 ოქტომბრისთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ცდილობენ, ოპოზიცია დასავლეთის მიერ მართულ "რადიკალებად" წარმოაჩინონ, თავად დასავლეთი - "კოლონიზატორად", ფაქტობრივად დაუფარავად უჭერენ მხარს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას და დიდად არ მალავენ საქართველოს სათავეში სწორედ "ქართული ოცნების" დარჩენის სურვილს.
ასე, მაგალითად, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს სამგზის აქვს გაკეთებული განცხადებები, თითქოს აშშ საქართველოში "მორიგ მაიდანს" ამზადებდეს, რათა 26 ოქტომბრის არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვება არ დაუშვას. შემდგომში იგივე რუსულმა უწყებამ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წინასწარი დისკრედიტაციის მცდელობებს მიჰყო ხელი: ეუთო-ს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისი "აშშ-ის დაკვეთით არჩევნების ლეგიტიმური შედეგების არაღიარების გზით საქართველოში პროცესების დესტაბილიზაციის დაგეგმვაში" დაადანაშაულა და იქვე გამოთქვა იმედი, რომ "საქართველოს მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს".