
კიევის სასამართლომ დავით ბეჟუაშვილის კომპანიისთვის ხერსონის პორტის გადაცემა შეაჩერა
06/02/2020 11:37:15 საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა
კიევის მეექვსე სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ ხერსონის პორტის დავით ბეჟუაშვილის კომპანიისთვის გადაცემა შეაჩერა. უკრაინული მედიის ცნობით, მიზეზად კომპანიის კონცესიაზე გამოცხადებული კონკურსისგან ჩამოცილება იქცა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას პრეზიდენტი ზელენსკიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „უკრაინას სასამართლო სისტემის გადატვირთვა ესაჭიროება“:
„ჯერ–ჯერობით სასამართლოებთან დაკავშირებით რთული სიტუაცია გვაქვს და ის ყოველთვის რთული იყო. ჩვენ ახლა ამ მდგომარეობას ვებრძვით და ვსაუბრობთ ჩვენი ინვესტორების დაცვაზე“.
ცნობისთვის: დაგეგმილია ხერსონის პორტის 30–წლიანი იჯარით გადაცემა ქართულ–შვეიცარიული კომპანია „რისოილ–ხერსონისთვის“, რომლის მესაკუთრეები ბეჟუაშვილის „ქართულ ინდუსტრიულ ჯგუფთან“ აფილირებული კომპანია „Petrol Oil and Chemicals” და შვეიცარიული „RISSOIL S.A.“ არიან.
რამდენიმე დღის წინ კიევში პორტის განვითარების პროექტის პრეზენტაცია ჩატარდა, რომელსაც უკრაინის მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.