პუტინის რეჟიმი ათობით მოლდოველ ახალგაზრდას საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის წინაპერიოდში  მასობრივი არეულობების მოსაწყობად ამზადებდა

17-10-2024 17:57:43 ევროპა

პუტინის რეჟიმი ათობით მოლდოველ ახალგაზრდას დედაქალაქ კიშინიოვსა და სხვა ქალაქებში საპრეზიდენტო არჩევნებისა და საკონსტიტუციო რეფერენდუმის წინაპერიოდში მასობრივი არეულობების მოსაწყობად ამზადებდა. ამის შესახებ დღეს მოლდოვის პოლიციის გენერალური ინსპექციის უფროსმა ვიორელ ჩერნაუტანუმ და დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის დირექტორმა ალექსანდრუ მუსტეამ განაცხადეს.

ჩერნაუტანუს ინფორმაციით, სამართალდამცველები თვეების განმავლობაში უთვალთვალებდნენ რუსეთის მიერ ხსენებული მიზნით მომზადებული მოლდოველი ახალგაზრდების ერთ-ერთ ორგანიზებულ დაჯგუფებას. აღმოჩნდა, რომ მისმა ათობით წევრმა რუსეთში მომზადება ვითომდა კულტურულ და ტურისტულ პროგრამებში მონაწილეობის საბაბით გაიარა. სინამდვიეში კი, სპეცტრენინგებზე მათ საპროტესტო აქციების ტექნიკურ მახასიათებლებსა და სამართალდამცავ ორგანოებთან დაპირისპირების ტექნიკას აცნობდნენ, ასევე ასწავლიდნენ იარაღის გამოყენებას, ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებას, მასების პროვოცირებისა და აყოლიების ხრხებსა და სხვა.

პოლიციის ინფორმაციით, მარტო მიმდინარე წლის ივნისში რუსეთის მიერ ორგანიზებულ ასეთ ტრენინგებში 100-ზე მეტმა მოლდოველმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.

"მათ ნაწილს უცხოელი ინსტრუქტორები წვრთნიდნენ, ნაწილს - რუსული კერძო გასამხედროებული სტრუქტურების - "ვაგნერისა" და "ფერმის" წარმომადგენლები. ნაწილიც რუსეთიდან უფრო მასშტაბური წვრთნების გასავლელად ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში, ასევე სერბეთში გაიგზავნა. ამ უკანასკნელთა მომზადება სექტემბრის დასაწყისიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გრძელდებოდა", – განაცხადა პოლიციის მაღალჩინოსანმა.

მისივე ინფორმაციით, რუსეთის მიერ დატრენინგებული ახალგაზრდებიდან ოთხი უკვე დაკავებულია, ჩხრეკისას მათ პროკლამაციები, სპეცმომზადების ბროშურები, ლეპტოპები, ტელეფონები, საბანკო ბარათები, კიშინიოვი-სტამბოლი-მოსკოვის ავიარეისების ბილეთები და ფულადი თანხა - 1.6 მილიონზე მეტი ლეი აღმოუჩინეს, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, მოლდოვაში შესაბამის პროვოკაციებს, კერძოდ, მართული საპროტესტო აქციების ორგანიზებას უნდა მოჰხმარებოდა, რომელიც შემდგომში არეულობებში უნდა გადაზრდილიყო.

გამოძიებით დადგინდა ასევე აღნიშნული დაჯგუფების წევრთა კავშირი რუსეთის მიერ მართულ ოლიგარქ ილან შორთან, რომელიც წარსულში მოლდოვაში პრორუსული საპროტესტო აქციების დამფინანსებელი იყო, ახლა კი რუსეთშია გაქცეული.

მოსკოვის მიერ მომზადებულ სხვა პროვოკატორთა გამოსავლენად და დასაკავებლად მუშაობა გრძელდება.

ცნობისთვის: მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და იმავდროულად ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე საკონსტიტუციო რეფერენდუმი 20 ოქტომბრისთვისაა დანიშნული.

რუსეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ "სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არ ერევა და არც არჩევნებზე ზემოქმედებას ცდილობს, განსხვავებით დასავლეთისგან". მსგავსი განცხადება მოსკოვს საქართველოსთან მიმართებაშიც აქვს გაკეთებული.

იხილეთ ასევე: "ოცნება" ირწმუნება, რომ "კავკასიის რუსულ თემთან" არაფერი აკავშირებს, თავად თემი კი "ოცნებას" "მხარდაჭერისთვის" მადლობას უხდის

ახალი ამბები

სხვა სიახლეები