18-10-2024 11:30:03 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო უშიშროების სამსახური იუწყება უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ, რომელიც, მისი მტკიცებით, ქართული "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერ დავით ქაცარავას ეკუთვნოდა.
ინციდენტი, აფხაზური მხარის ინფორმაციით, 16 ოქტომბერს მოხდა.
როგორც დე-ფაქტო უშიშროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, Mavic 3-ის მოდელის დრონი, რომელიც მიდამოებსა და სამხედრო ობიექტებს ზვერავდა, აფხაზურმა და რუსულმა ერთობლივმა საპატრულო ჯგუფმა გალის რაიონის სოფელ ოტობაიას თავზე შენიშნა.
"რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენებით დრონს დაშვება ვაიძულეთ" - ნათქვამია დე-ფაქტო უშიშროების განცხადებაში.
მანამდე ინფორმაცია მისი დრონის ჩამოგდების შესახებ თავად დავით ქაცარავამ გაავრცელა და ახლის შესაძენად საჭირო თანხების შეგროვება გამოაცხადა. მალევე ქაცარავამ დაწერა, რომ თანხა უკვე შეგროვდა და ახალი დრონიც შეძენილია.
მომხდართან დაკავშირებით ალარმისტული განცხადება გაავრცელა აფხაზურმა "სახალხო ფრონტმა", რომელიც "აღშოთებულია უცხოური სადამკვირვებლო მისიის უმოქმედობით":
"აღნიშნულ დრონს თავისუფლად შეეძლო, ეწარმოებინა არა მარტო სადაზვერვო ოპერაცია, არამედ გადმოეტანა ასაფეთქებელი მოწყობილობებიც. თუ უკრაინის ფრონტზე არსებულ არცთუ მარტივ ვითარებას გავითვალისწინებთ, მსგავსი ინციდენტები წარმოადგენს პროვოკაციას აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე დესტაბილიზაციის გამოსაწვევად. საინტერესოა, რითაა დაკავებული ამ ფონზე უცხოური სადამკვირვებლო მისია?!".