თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 4 პირი დააკავეს, დაჭრილია მკვლელობაში ბრალდებული

21-10-2024 16:18:58 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 4 პირი დააკავეს.

საუბარია ე.წ. მალაკნების ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულზე, რა დროსაც 27 წლის ტატო ფირცხალაიშვილი მოკლეს.

ირკვევა, რომ ადგილი ჰქონდა ორმხრივ სროლას, რის შედეგადაც დაიჭრა თავად მკვლელობაში ბრალდებული. დანაშაულის მოტივად კი შსს წარსულში არსებულ კონფლიქტს ასახელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, თბილისში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა 1997 წელს დაბადებული ტ.ფ.-ს მიმართულებით, მიღებული დაზიანებების შედეგად ტ.ფ. ადგილზე დაიღუპა, ხოლო საპასუხო გასროლისას დაიჭრა ი.ბ., რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ მომხდარ ფაქტს შეესწრნენ, ბრალდებულის მეგობრები - გ.ბ., ჯ.ფ. და დ.მ., თუმცა, მათ სამართალდამცავ უწყებას დანაშაულის თაობაზე არ შეატყობინეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ი.ბ. ხოლო, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული არიან: 1987 წელს დაბადებული გ.ბ., 1988 წელს დაბადებული ჯ.ფ. და 1987 წელს დაბადებული დ.მ.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები