“ობიექტივი” “სპუტნიკის” თანაწამყვანთან ერთად რუსულ ენაზე გადაცემებს განაგრძობს

07-02-2020 14:55:43 მითები და რეალობა

ტელეკომპანია ობიექტივი რუსულ ენაზე კანონდარღვევით მაუწყებლობას ამჯერად Sputnik-georgia.ru-ს ჟურნალისტთან ერთად განაგრძობს. კომუნიკაციის ეროვნული კომისიის 9 იანვრის გადაწყვეტილების მიუხედავად, რომლითაც “ობიექტივს” რუსულ ენაზე გადაცემის ეთერიდან ამოღება დაევალა, როგორც 21 იანვარს, ასევე 4 თებერვალს ობიექტივის ეთერში გადაცემა “Неделя” ისევ უცვლელი ფორმით, რუსულ ენაზე, ქართული სუბტიტრებისა და თარგმანის გარეშე გავიდა, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა ითხოვს, 4 თებერვლის გადაცემის თანაწამყვანი კი კრემლის დაფუძნებული მედიის Sputnik-georgia.ru-ს კორესპონდენტი ანა ანასტასიადი იყო.

ანა ანასტასიადის სტატიები “სპუტნიკზე” 2017 წლიდან ქვეყნდება. ის მასალებს ბევრ, ერთმანეთისგან განსხვავებულ თემაზე წერს, მაგალითად, გახდომის მეთოდებზე, უპატრონო ძაღლებზე თბილისში და ლუგარის ლაბორატორიაზე. ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული სტატია 2018 წლის 8 ოქტომბრით თარიღდება და რუსი ჟურნალისტების ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტს, მათ შორის ანასტასიადის პირად გამოცდილებას აღწერს.

“ერთადერთი, რაც ამ ოთახში მეცნობა და ჩემთვის გასაგებია - ეს ბოლოგიური საფრთხის ნიშანია Biohazard. მთელი ეს დრო არ მტოვებდა შეგრძნება, რომ რამდენიმე წუთით აღმოვჩნდი ადგილზე, სადაც თავი მოიყარა თუ ყველამ არა, ბევრმა ადამიანურმა უბედურებამ”, წერს ანასტასიადი. ლუგარის ლაბორატორიიდან მომავალი საფრთხის შესახებ კონსპირაციის თეორიებს კრემსლიტური აქტორები 2012 წლიდან იმეორებენ. იმის გამო, რომ ტვ “ობიექტივი” საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს არ ასრულებს, მედიის განვითარების ფონდმა მარეგულირებელ კომისიას განმეორებითი საჩივრით 22 იანვარს მიმართა.

პირველი საჩივრი კი ტელეკომპანიის წინააღმდეგ 2019 წლის 19 დეკემბერს იქნა შეტანილი. საჩივრის საფუძველი მედიაკავშირ "ობიექტივის” ეთერში გადაცემა "ღამის სტუდია - ყველას გასაგონად” რუსულ ენაზე ტრანსლირება გახდა. კომისიამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კომუნიკაციების კომისიის დადგენილებ #6-ის (მუხლი3) და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 381 მუხლის დარღვევას. კომუნიკაციების კომისიის დადგენილებით და მაუწყებლობის შესახებ კანონის თანანხმად, საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი უფლებამოსილია სამაუწყებლო ბადეში პროგრამები, არასახელმწიფო ენაზე, განათავსოს ისე, რომ მათი მთლიანი მოცულობა არ აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის ხანგრძლივობის 10%-ს. ამასთანავე, საუკეთესო დროს არასახელმწიფო ენაზე განთავსებული პროგრამების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს საუკეთესო დროის 10%-ს. ობიექტვივის გადაცემა “Неделя” რუსულ ენაზე 51 წუთის განმავლობაში მაუწყებლობდა. რაც საუკეთესო დროის დაშვებულ ნორმას 21 წუთით აღემატება და ასევე არღვევს რეგულაციას სუბტიტრების აუცილებლობის შესახებ.

წყარო: mythdetector

ახალი ამბები

სხვა სიახლეები