რუსეთში ისტორიკოსი ნემცოვის ხსოვნისთვის პატივის მიგების გამო დააპატიმრეს
28/02/2026 14:59:00 მსოფლიო
28 თებერვალს რუსეთში ადმინისტრაციული წესით დააპატიმრეს საზოგადოება "მემორიალის" ეკატერინბურგის განყოფილების თავმჯდომარე, ისტორიკოსი ალექსეი მოსინი - მას 9 დღით მიესაჯა პატიმრობა, შეუთანხმებელი აქციის ორგანიზების ბრალდებით. ისტორიკოსი წინა დღეს დააკავეს, როცა ყვავილებს განათავსებდა 11 წლის წინ მოკლული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად. 68 წლის მოსინის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო ეკატერინბურგის ლენინის რაიონულმა სასამართლომ - იუწყება "მედიაზონა".
შეუთანხმებელ აქციად პროტოკოლში მოხსენიებულია ყვავილების განთავსება შრომის მოედანზე არსებულ მემორიალთან. პროტოკოლის თანახმად, მოსინი ყვავილებს განათავსებდა სვერდლოვსკის ოლქის საბჭოს ყოფილ დეპუტატთან, მიხაულ ბორისოვთან ერთად. თავად მოსინი ამბობს, რომ ეს არ ყოფილა აქციის ორგანიზება და რომ იგი ბორისოვს შემთხვევით, გზაში შეხვდა. პროტოკოლის შემადგენელმა პირმა, პოლიციის მაიორმა ოტარ ამოევმა სასამართლოში აღნიშნა, რომ მკვდრებს, წესით, ეკლესიაში ან ოჯახის წრეში მოიხსენიებენ, ხოლო საჯარო ადგილას ყვავილების დალაგება უკვე "საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა".
მოსინის დაკავების შესახებ 27 თებერვალს, საღამოს გახდა ცნობილი. ეკატერინბურგში, შრომის მოედანზე უწინ ნემცოვის მკვლელობის დღეს აქციები იმართებოდა, თუმცა ბოლო წლებში პოლიციამ აკრძალა ამ დღეს მოედანზე ხალხის თავშეყრა.
27 თებერვალს 11 წელი შესრულდა ბორის ნემცოვის მკვლელობიდან მოსკოვის ცენტრში. რუსეთის ბევრ ქალაქში მოქალაქეებმა ყვავილები მიიტანეს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალებთან. მოსკოვში ყვავილები განათავსეს დიდი მოსკვორეცკის ხიდზე - სადაც ნემცოვს ესროლეს.
ბორის ნემცოვი რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იყო. იგი 2015 წლის 27 თებერვალს მოკლეს მოსკოვის ცენტრში, დიდი მოსკვორეცკის ხიდზე. ნემცოვს რამდენჯერმე ესროლეს ზურგში. მკვლელობის შემკვეთები ჯერაც არ უპოვიათ.


