"ბეწვზე გადარჩა დემოკრატია" - ვინ იხსნა მოლდოვაში რეფერენდუმი

21-10-2024 17:25:48 ევროპა

მოლდოვაში გამართული დაძაბულ რეფერენდუმში, რომელსაც საერთაშორისო მედიამ "არჩევნები დანის პირზე" უწოდა, მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი ევროკავშირში გაწევრიანებას დაუჭირა.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დათვლილია ხმების 99,46%. შედეგების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებას და შესაბამის საკონსტიტუციო ცვლილებებს მოსახლეობის 50,41% უჭერს მხარს, 49,59% კი წინააღმდეგია. მხარდამჭერებსა და ოპონენტებს შორის სხვაობა მხოლოდ 12243-ია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს დადებითი შედეგი ძირითადად ემიგრაციამ და დედაქალაქმა უზრუნველყო. კერძოდ, უბნების 85%–ის მონაცემების დათვლის შემდეგ მხარდაჭერები მცირედით უსწრებდნენ 45%-ს, რომელთაც წინააღმდეგ მისცეს ხმა. შედეგი ევროინტეგრაციის სასარგებლოდ მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც საზღვარგარეთ გახსნილი უბნებიდან დაიწყო მონაცემების მიწოდება, სადაც როგორც ჩანს, ძირითადად პროევროპული მოაზროვნე მოსახლეობა ცხოვრობს. დედაქალაქ კიშინიოვშიც კი ამომრჩეველთა 44%, ანუ მოსახლეობის თითქმის ნახევარი ეწინააღმდეგებოდა ევროპულ მომავალს. გაგაუზიის - ყველაზე პრორუსულ რეგიონში - უარყოფითი პასუხი იყო 95%.

„ყველა ხმა გადამწყვეტი იყო - როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მადლობა ყველა იმ მოქალაქეს, ვინც მოვიდა არჩევნებზე და თავისუფლად თქვა ის, რაც უნდათ მოლდოვისთვის. 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი მივიდა საარჩევნო უბნებზე“, - აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ და დასძინა, „ჩვენ მოვიგეთ პირველი ბრძოლა რთულ ბრძოლაში, რომელზეც დამოკიდებულია ქვეყნის ბედი“.

სანდუს თქმით, პროცესი წარიმართა უპრეცედენტო ჩარევის ფონზე. მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს ხმების ფართომასშტაბიანი მოსყიდვის მტკიცებულება.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმა“ რამდენიმე თვე გაგრძელდა და ამის უკან იდგნენ კრიმინალური დაჯგუფებები და უცხოური ძალები, რომლებიც „დაესხნენ ჩვენს ქვეყანას ათეულობით მილიონი ევროთი, ტყუილითა და პროპაგანდით“. მან თქვა, რომ კრიმინალური დაჯგურებების გამოჩენა მოლდოვისთვის სიახლე, საშიში პრეცედენტია და სხვა ქვეყნებს მოლდოვის მაგალითის გათვალისწინებისკენ მოუწოდა. "ჩვენ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ჩვენს დემოკრატიას",- თქვა სანდუმ.

ირკვევა, რომ ამომრჩეველთა ნებაზე ზემოქმედების უკვე ცნობილი და ბევრ ქვეყანაში გამოყენებული მეთოდების გარდა, სიახლე იყო მოქალაქეებისთვის საკრედიტო ბარათებს დარიგება. ამ გზით ერთ ადამიანს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ ხმის მიცემის სანაცვლოდ სთავაზობდნენ 50-დან 150 ევრომდე ოდენობის თანხას.

მსგავსად სანდუსა, ევროკავშირის საგარეო სამსახურის წარმომადგენელმა პიტერ სტანომაც თქვა, რომ "კენჭისყრა ჩატარდა რუსეთისა და მისი მარიონეტების უპრეცედენტო ჩარევისა და დაშინების პირობებში, რომლებიც ცდილობდნენ მოლდოვაში დემოკრატიული პროცესის დესტაბილიზაციას”. მან ხაზი გაუსვა ხმების ყიდვის მცდელობას და ”დიდ პროპაგანდას” რუსეთისა და მისი მარიონეტების მხრიდან.

სტანომ დასძინა, რომ ევროკავშირი ელოდება როგორც კენჭისყრის საბოლოო შედეგებს, ასევე სადამკვირვებლო მისიების განცხადებებს, ”მაშინ ჩვენ გამოვაცხადებთ ჩვენს ოფიციალურ პასუხს”.

მოლდოვაში რეფერენდუმი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან ერთად გაიმართა, სადაც სანდუმ გაიმარჯვა, მაგრამ მომავალი პრეზიდენტი მეორე ტურში გაირკვევა. მისი ოპონენტია პრორუსული ორიენტაციის "სოციალისტური პარტიის" კანდიდატი, ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მეორე ტურში პროევროპული ძალების გამოწვევა პრორუსული ძალების მოსალოდნელი გაერთიანებაა. ამდენად, ამ მიმართულებით პროცესები ჯერ კიდევ წინ არის. მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.

როგორც მოსალოდნელი იყო, კრემლი შედეგებით უკმაყოფილო დარჩა და აცხადებს, რომ "ბევრი კითხვაა". "დაეჭვებულთა" შორისაა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელმაც თქვა, რომ მოლდოვამ ამ არჩევნებით "დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა".

"ბეწვზე გადარჩა დემოკრატია",- ამბობს ანალიტიკოსი თორნიკე გორდაძე.

ის ამბობს, რომ ევროპული ძალები მოლდოვაში უკეთეს შედეგებს ელოდნენ.

გორდაძე რუსულ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის, ამომრჩეველთა მოსყიდვაზე, წნეხზე, ენერგოდამოკიდებულებაზეც.

„რუსულმა წნეხმა ქნა ის, რომ მოლდოვის ბევრი მოქალაქე ეკონომიკურადაც დაზარადა და მაჩვენებელი, რომელიც მეორე მხარეს ჰქონდა [ევროინტეგრაციის მოწინააღმდეგეებს], ამითაც იყო განპირობებული“.

ის ყურადღებას ამახვილებს მცირე სხვაობაზე და ხაზს უსვამს, რომ „სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი თითოეული ხმა და ეს საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა გაიაზროს“.

„მნიშვნელოვანია დიასპორის ხმები - ფაქტობრივად მათ გადაწყვიტეს კიშივოვთან ერთად ამ არჩევნების ხმები“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები