სანდუ: მოვიგეთ პირველი ბრძოლა მძიმე ომში, რომელზეც დამოკიდებულია ქვეყნის ბედი, ყველა ხმა გადამწყვეტი იყო

21-10-2024 18:05:27 ევროპა

ჩვენ მოვიგეთ პირველი ბრძოლა მძიმე ომში, რომელზეც დამოკიდებულია ქვეყნის ბედი,- თქვა 21 ოქტომბერს რეფერენდუმის შედეგების შეფასებისას მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ და დასძინა, რომ მოქალაქეების უმეტესობამ ხმა ევროინტეგრაციის სასარგებლოდ მისცა.

„ყველა ხმა გადამწყვეტი იყო - როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“,- ხაზი გაუსვა სანდუმ და მადლობა გადაუხადა ყველა იმ მოქალაქეს, ვინც მივიდა საარჩევნო უბანთან და თავისუფლად თქვა, რა სურს მოლდოვისთვის.

„1,5 მილიონზე მეტი ადამიანი მივიდა საარჩევნო უბნებზე“, - აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა.

მოლდოვაში რეფერენდუმი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან ერთად გაიმართა, სადაც სანდუმ გაიმარჯვა, მაგრამ მომავალი პრეზიდენტი მეორე ტურში გაირკვევა. მისი ოპონენტია პრორუსული ორიენტაციის "სოციალისტური პარტიის" კანდიდატი, ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მეორე ტურში პროევროპული ძალების გამოწვევა პრორუსული ძალების მოსალოდნელი გაერთიანებაა. ამდენად, ამ მიმართულებით პროცესები ჯერ კიდევ წინ არის. მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები