Accentnews.ge
ევროკავშირის ანგარიში: „პოლიტიკური დიალოგი, საარჩევნო და სასამართლო რეფორმები საქართველოში გამოწვევად რჩება“

ევროკავშირის ანგარიში: „პოლიტიკური დიალოგი, საარჩევნო და სასამართლო რეფორმები საქართველოში გამოწვევად რჩება“

07/02/2020 13:29:43 საგარეო პოლიტიკა

პოლიტიკური დიალოგი, საარჩევნო და სასამართლო რეფორმები საქართველოში გამოწვევად რჩება, – ამის შესახებ „საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“ ევროკავშირის მეოთხე ანგარიშშია ნათქვამი.

„საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების ერთგული რჩება. თუმცა მნიშვნელოვანია, მომავალი თვეების განმავლობაში საქართველომ გაანეიტრალოს მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია და გამოხატოს მიმდინარე რეფორმების გატარების მზაობა, განსაკუთრებით - საარჩევნო და სასამართლო რეფორმების სფეროებში.

საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონთა კრებულთან (acquis) და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე მუშაობა, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა სფეროში ეფექტურად მიმდინარეობდა. ამასთან, კვლავ არსებობს გამოწვევები საარჩევნო რეფორმის, პოლიტიკური დიალოგისა და სასამართლო რეფორმის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, ხოლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია, პროცესი გამჭვირვალედ განხორციელდეს და კანდიდატთა წარდგენა ჭეშმარიტი დამსახურების შესაბამისად წარიმართოს. 2020 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების და რეფორმების მეოთხე ტალღის განხორციელება.

ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ამიტომ ქვეყანამ საკვები და არასაკვები პროდუქტებით ვაჭრობის ხელშესაწყობად კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებთან და ნორმებთან მეტ შესაბამისობაში მოიყვანა. დამატებითი სტრუქტურული რეფორმები საჭიროა იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა ნაკლებად მოწყვლადი იყოს საგარეო მოვლენებთან მიმართებაში და საინვესტიციო კლიმატი გაუმჯობესდეს. მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკის სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავება გრძელდება, ენერგორესურსებთან დაკავშირებული საქართველოს მიერ ევროკავშირის კანონთა კრებულის (acquis) შესრულება მთლიანობაში მხოლოდ 25%-ს შეადგენს. კლიმატთან დაკავშირებული გადაუდებელი ღონისძიებების აუცილებლობის გათვალისწინებით, ენერგოეფექტურობის შესახებ კანონების მიღება ძალზე მნიშვნელოვანი იქნება“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი იმედოვნებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ყველა აქტორისთვის თანაბარი პირობების დაცვითა და პლურალისტურ მედიაგარემოში ჩატარდება:

„საქართველო ევროკავშირის საიმედო და მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება. მომდევნო თვეების განმავლობაში ყურადღებით დავაკვირდებით პოლიტიკურ მოვლენებს, ქვეყანაში არსებული მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის გათვალისწინებით. ველით, რომ წელს არჩევნები თანაბარი პირობების დაცვით და პლურალისტურ მედიაგარემოში ჩატარდება.

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის მეშვეობით კონფლიქტის მოგვარების საკითხში კვლავ აქტიურად ვართ ჩართულები".

ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ საქართველოსა და ორგანიზაციის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:

”საქაღთველოს ჩართულობა უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლაში კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირი მზად არის დაეხმაროს საქართველოს ამ ძალისხმევაში. ამასთან გადამწყვეტია, საქართველომ განაგრძოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საკვანძო რეფორმების განხორციელება. საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის გასაძლიერებლად საჭიროა დამატებითი სტრუქტურული რეფორმები ისეთ სფეროებში, როგორიცაა, მაგალითად, საფინანსო ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო ბაზრებთან უკეთესი ინტეგრაცია და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S