გალის რაიონში ძალოვანების დამატებითი ქვედანაყოფები შეიყვანეს

22-10-2024 16:05:20 კონფლიქტები

26 ოქტომბრისთვის საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთის მიერ ოკუპირებულ გალის რაიონში დე-ფაქტო უშიშროების ძალების დამატებითი ქვედანაყოფები შეიყვანეს, - განუცხადა აფხაზურ მედიას "უშიშროების საბჭოს მდივანმა" რაულ ლოლუამ.

"ეს ნაბიჯი პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბრძანებულების საფუძველზე, ჩვენი მესაზღვრეების მუშაობის გასაძლიერებლად გადაიდგა. ამ სამუშაოს გავაგრძელებთ ვითარების გაუარესების შემთხვევაშიც. გავზრდით გალის რაიონში ძალებს და ნებისმიერი შესაძლო პროვოკაციისთვის ვიქნებით მზად" - განაცხადა ლოლუამ.

რაც შეეხება საარჩევნო პერიდში, 23-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით ენგურის ხიდზე მიმოსვლის ჩაკეტვას, მისი თქმით, ეს ახალი პრაქტიკა არაა:

"ამას ადრეც ყოველთვის ვაკეთებდით საქართველოში მიმდინარე თუ დაგეგმილ ნებისმიერ მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით. იცით, რომ ასეთ დროს ხშირია საზღვრისპირა ტერიტორიებზე მიტინგების, პიკეტებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების მოწყობის მცდელობები. საზღვრის ჩაკეტვის მორიგი გადაწყვეტილებაც ვითარების სრული კონტროლისა და ჩვენი მესაზღვრეების მუშაობის გაძლიერების მიზნით იქნა მიღებული".

ამ კონტექსტში ლოლუამ "ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსების განცხადებებზე" მიანიშნა, რომლებმაც, მისივე თქმით, "არჩევნების შედეგებით შესაძლო უკმაყოფილების შემთხვევაში შეიძლება, აფხაზეთზე გადაიტანონ აქცენტი". ამასთან დაკავშირებით მან რამდენიმე იმ განცხადების ციტირება მოახდინა, რომლებიც საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნების" ლიდერებს ეკუთვნით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები