სააკაშვილი მერაბიშვილს პოლიტიკური აქტიურობის ნაცვლად, ოჯახში დაბრუნებას ურჩევს
09/02/2020 20:52:04 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილ პრემიერ–მინისტრ ვანო მერაბიშვილს პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ პოლიტიკური აქტიურობის ნაცვლად, ოჯახში დაბრუნებას ურჩევს. ამის შესახებ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა. გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, უხელმძღვანელებს თუ არა სააკაშვილის პირადი შტაბს მერაბიშვილი.
სააკაშვილმა მიანიშნა, რომ მერაბიშვილის დაკავების შემდეგ მსოფლიო შეიცვალა.
„სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დირექტორი არის დიმიტრი შაშკინი, რომელიც ჩამოვა და მასთან ერთად გადავწყვეტ ტექნიკურ საკითხებს. ამ შტაბის ხელმძღვანელი ვიქნები უშუალოდ მე და ადგილზე იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურა.
რაც შეეხება ვანოს, ვანო მერაბიშვილს, რამდენჯერმე უთხრეს, მათ შორის ციხიდან გაიყვანეს და ისე უთხრეს, მოგვეცი ცრუ ჩვენება სააკაშვილზე და გაგიშვებთო. ეს კაცი ამდენი წელია მხოლოდ იმის გამო ზის, რომ არ აიღო სინდისზე ხელი და არ მოაბოდიალა რაღაც ტყუილი, რაც ვიღაც-ვიღაცებმა იკადრეს. ამიტომ, მე მაქვს მის მიმართ პირადი ვალდებულების განცდა. თუმცა, მშვენივრად ვხედავ იმ შეცდომებსაც, რაც დაუშვა ვანომ. ვხედავ იმ გადაცდომებსაც, რაც დაუშვეს მაშინ ამ სისტემებში. რომ არა ეს გადაცდომები, შედარებით გაუძნელდებოდა ივანიშვილს, ჩვენი ქვეყანა ჩაეგდო ხელში.
როდესაც ვანო სრულიად უდანაშაულოდ ჩასვეს ციხეში (რაც მას მიუსაჯეს, სრულიად სასაცილო იყო), იმის შემდეგ მსოფლიო შეიცვალა. მაგალითად ვანო რომ ჩასვეს, ასეთი „აიფონი“ არ არსებობდა, ვანო რომ ჩასვეს იყო „ნოკიები“, ვანო რომ ჩასვეს, მსოფლიო იყო სხვა. ამიტომ, ჩემი აზრით, ახლა მე რომ ვანოს ადგილზე ვიყო (მასთან პირადი კონტაქტი არ მაქვს), ჩემს ოჯახს დავუბრუნდებოდი, დავტკბებოდი ჩემს შვილებთან ახლოს ყოფნით, ვიმოგზაურებდი მსოფლიოში, გავახელდი თვალებს, გავიხედ-გამოვიხედებოდი და მხოლოდ ამის შემდეგ, რაღაც პერიოდის შემდეგ მივიღებდი რაღაც გადაწყვეტილებებს“, -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "მთავარი არხის"ეთერში.
ცნობისთვის: ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ვანო მერაბიშილს 20 თემერვალს სასჯელის ვადა ეწურება. როგორც მისმა ადვოკატმა ერთ–ერთ უკანასკნელ ინტერვიუში განაცხადა, მერაბიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ პოლიტიკურ აქტიურობას გეგმავს, თუმცა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.


