გროზევი - იმის შესახებ, თუ რა გეგმა აქვს საარჩევნოდ საქართველოსთან მიმართებაში რუსეთს

25-10-2024 00:00:19 პოლიტიკა

ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტი ხრისტო გროზევი პორტალ Delfi-ს მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევისა და იმის შესახებ საუბრობს, მოვლენათა განვითარების რა სცენარებია შემუშავებული მოსკოვში.

"მოლდოვასთან შედარებით, საქართველოში რუსული დაზვერვისთვის მოქმედება უფრო რთულია. მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილი "ქართული ოცნების" 12-წლიანმა მმართველობამ თავისუფლებების შეზღუდვა და ავტორიტარული სახელმწიფოსკენ გადახრა გამოიწვია. ეს ცვლილებები, რომელიც უკვე თვალსაჩინოა, მიუღებელია საზოგადოების უმრავლესობისთვის. შესაბამისად, რუსეთმა საქართველოს სათავეში პრორუსული რეჟიმი მხოლოდ არჩევნების რადიკალური ფალსიფიცირების გზით შეიძლება, უზრუნველყოს, კერძოდ, ამჟამინდელი მმართველი პარტიის "სუპერუმრავლესობის" აბსოლუტურად არადამაჯერებელი შედეგის დადებით, რასაც ქვეყანაში თავისუფალი პოლიტიკური მოღვაწეობის აკრძალვა მოჰყვება" - ამბობს გროზევი.

რუსეთის საგარეო დაზვერვის თანამშრომლების საუბრების ჩანაწერზე დაყრდნობით იგი ყვება, რომ 2024 წლის დასაწყსისთვის რუსულ სპეცსამსახურებს დიდად არ სჯეროდათ "ქართული ოცნების" ორგანული გამარჯვების, რის გამოც ემხრობოდნენ "რადიკალურ ზომებს "ახალი სომხეთის" თავიდან ასაცილებლად".

"შემიძლია, ვივარაუდო, რომ რუსეთი შესაძლოა, საქართველოში ბელორუსის სცენარის გათამაშებას შეეცადოს: შეუთანხმდეს მმართველ პარტიას, რომ გამოცხადდეს არჩევნებში მისი არადამაჯერებელი მეგა-გამარჯვება (შესაძლოა, რომელიმე იმ მომცრო პარტიებთან ერთად, რომლებიც მზად არიან "ოცნებასთან" კოალიციისთვის). მსგავსი უტიფარი თაღლითობა უცილობლად გამოიწვევს მასობრივ პროტესტს, რომელსაც შემდეგ უპრეცედენტოდ რეპრესიული ძალით ჩაახშობენ - დაახლოებით ისე, როგორც 2020 წელს ბელორუსში. ხოლო იმისათვის, რომ ეს უპრეცედენტო ჩახშობა ოდნავ მაინც მისაღები გახადონ ქართული საზოგადოებისთვის, კრემლმა შესაძლოა, გაათამაშოს "სამშვიდობო" ვარიანტი 2008 წელს ოკუპირებული ტერიტორიების ვითომდა დაბრუნების სახით - ეს თემა უკვე ჟღერს "ოცნების" ელექტორალური პლატფორმის ნაწილად. თუმცა ცხადია, რომ ტერიტორიების მსგავსი "დაბრუნება" ერთგვარ ტროას ცხენად იქცევა საქართველოსთვის, ვინაიდან პირდაპირ კავშირში იქნება ხელშეკრულებასთან, რომელიც სამუდამოდ დაუქვემდებარებს საქართველოს რუსეთს" - ამბობს გროზევი და იქვე დასძენს, რომ რუსეთის გეგმის განხორციელების შემთხვევაში ეს "თავისუფალი საქართველოს დასასრულად იქცევა".

ამ კონტექსტში იგი იხსენებს ამასწინათ Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალებსაც - ევროპული სპეცსამსახურების სადაზერვო მონაცემებს, რომელთა მიხედვით, რუსულმა სპეცსამსახურებმა საქართველოს მთავრობის სტრატეგიული სტრუქტურების, მათ შორის ცსკ-ის სერვერებზე შეაღწიეს.

"ეს ნამდვილად შემაშფოთებელია, განსაკუთრებით - იმ ფონზე, რომ თავად საქართველოს მთავრობა ამ კუთხით მისი სტრუქტურების მოწყვლადობას საჯაროდ უარყოფს. ამ ფაქტების ერთობლიობა ცალსახად მიუთითებს "ყუთში ელექტორალური გამარჯვების" ჰიპოთეტიურ სცენარზე, რომელიც დისტანციურად რუსეთიდან იქნება მართული და რომელსაც ადგილზე ძალისმიერი ჩახშობა უნდა მოჰყვეს" - დასძენს გამომძიებელი ჟურნალისტი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები