შაჰინი– ჩხრეკაზე: "ეს ქმედება კითხვებს აჩენს საქართველოს უნარზე, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები"

25-10-2024 12:57:12 პოლიტიკა

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი "ატლანტიკური საბჭოს" ორი თანამშრომლის– ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლების გაჩხრეკის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ქმედება კითხვებს აჩენს "საქართველოს უნარზე, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები".

"ქართველ ხალხსა და მის სამოქალაქო საზოგადოებას უფლება აქვთ, გაგონილი და პატივცემული იყოს მათი ხმა - ეს ცენტრალური პრინციპია ნებისმიერი ჯანმრთელი დემოკრატიული სისტემის. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა გაარკვევს ამ კონკრეტულ ცნობებს და სერიოზულად მიიღებს მათ", - განაცხადა შაჰინმა.

ცნობისთვის: საპარლამენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე – 24 ოქტომბრის დილით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სასამართლო განჩინების საფუძველზე გაჩხრიკა ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის „ატლანტიკური საბჭოს“ ქართველი თანამშრომლების – სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის სახლები. ჩხრეკის შემდეგ წაიღეს მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათები.

გელავასა და ბუზიაშვილისათვის გადაცემული განჩინებების თანახმად, ჩხრეკა ჩატარდა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

სისხლის სამართლის საქმე კი, განჩინების თანახმად, სამი მუხლით არის აღძრული:

ფულის გათეთრება;

თაღლითობა;

გადასახადებისგან თავის არიდება.

ვინ არის ამ საქმეზე ბრალდებული ჯერ–ჯერობით უცნობია.

ეთო ბუზიაშვილიც და სოფო გელავაც სახლის ჩხრეკის შემდეგ გამოკითხვაზე დაიბარეს მოწმის სტატუსით - სოფო გელავას 24 ოქტომბრის დღის 5 საათი განესაზღვრა გამოკითხვის თარიღად და ეთო ბუზიაშვილს - 25 ოქტომბრის 12 საათი. ორივე გამოკითხვა გადაიდო და ის სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში ჩატარდება.

„ეს არის ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლა, დაშინება არჩევნებამდე, რომელსაც, მე მგონი, საკმაოდ მიჩვეული ვართ ამ ქვეყანაში. ვიცით, რომ ეს ხდება, ამას უნდა გავუძლოთ, ამით არ უნდა შევშინდეთ, ეს არის სწორედ ამისთვის, რომ ხალხი შეშინდეს, ვიღაც არ წავიდეს არჩევნებში, ვიღაცას შეეშინდეს თავისი ხმის იმ ფორმით ჩაგდება ყუთში, როგორადაც თვითონ ფიქრობს, ეს ყველაფერი არის ფსიქოლოგიური მანიპულაციები, რომელიც საქართველოს მოსახლეობაზე არ მუშაობს და აღარ იმუშავებს“, - ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 24 ოქტომბერს ჩატარებული ჩხრეკის სერია.

"მოდით, დაელოდეთ გამოძიებას, ეს ინფორმაცია, საზოგადოებისთვის შეიძლება, ძალიან საინტერესო იყოს", - ასე მიმართა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომლებიც ჩხრეკის სერიის მიზეზით დაინტერესდნენ.

"ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტ სიცხადეს შეიტანს ქმედებებში, უზრუნველყოფს ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებას და დააბრუნებს მათ ქონებას", – განუცხადა აქცენტს "ატლანტიკური საბჭოს" "ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის" (DFRLab) დირექტორმა გრემ ბრუკმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები