"არ ველოდი, ასე "უპრაგონოდ" თუ დაიჭერდნენ"
10/02/2020 20:15:38 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავება მისთვის მოულოდნელი იყო.
როგორც მან "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა, სადღეისოდ კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს ბევრად ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს რუსეთში, ვიდრე ივანიშვილს – საქართველოში.
“არ მოველოდი, რომ ასეთი ბრალდებით, ასე "უპრაგონოდ" დაიჭერდნენ [გიგი უგულავას]. მესმის, რომ შალვა თადუმაძეს არა მხოლოდ იურისტის დიპლომი არა აქვს, არამედ ნახევარი წიგნიც არა აქვს წაკითხული. მაშინაც კი, როცა ეს უვიცი გაიყვანა ივანიშვილმა უზენაეს სასამართლოში, ვერ წარმომედგინა ასეთი კანონდარღვევით დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სადმე მსოფლიოში ადამიანის დაჭერა. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი შესაძლებელია. ეს არის უკიდურესი სისუსტის გამოხატულება ივანიშვილის მხრიდან. ერთი-ერთზე მახსენებს ასლან აბაშიძის ქმედებებს. ეს არის ივანიშვილის ბოლო აგონია”, – განაცხადა სააკაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში.
უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალმდებელი აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ სცნო არა თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას 1 წლისა და სამი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება შეცვალა უზენაესმა სასამართლომ.
ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.
უგულავა თავად გამოცხადდა შს სამინისტროში და მას რამდენიმე წუთში ე.წ. მატროსოვის ციხეზე გადაიყვანენ.


